რუსეთი აშშ-სა და ევროპას ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერაა.
„ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები შესაშური სიჯიუტით განაგრძობენ უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ამიერკავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“, - თქვა ზახაროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ზახაროვას განცხადებით, საქართველოს იარაღით ამარაგებენ და სამხედრო ბლოკებში ითრევენ, რასაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის „რაღაც სტაბილურობის“ მოტივით და მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე.
„რეალიები ასეთია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის სამოკავშირეო დახმარებაზე დაყრდნობით, რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტიაა, საკუთარ სახელმწიფოებრიობას ამტკიცებენ და წარმატებით ვითარდება მათი ეკონომიკა, სოციალური სფერო, საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო კავშირები“ - თქვა ზახაროვამ. მისივე მტკიცებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება და მაგალითად, "სამხრეთ ოსეთში" საქართველოზე მაღალი პენსიაა.
მასალის გამოყენების პირობები






