საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი მისი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მოისწრაფიშვილი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი საკითხზე ღიად საუბარს ერიდება და კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა, როგორც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მოისწრაფიშვილმა პირადი შეხედულებების გავრცელების შეზღუდვის ვალდებულება დაარღვია, რაც უფრო კონკრეტულად, ნიდარ მელაძისადმი მხარდანჭერი პოსტის გამოქვეყნებას მოჰყვა.
"რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის"- წერს მოისწრაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






