მცხეთაში 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან ერთად ცნობილი რუსული მოტოკლუბის „Ночные волки“ („ღამეული მგლები“) წევრებიც ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ „იტარ–ტასი“ იტყობინება.
„ამის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ კიევში, ზაფხულში შედგა, სადაც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან ერთად საქართველოს პატრიარქიც იმყოფებოდა“, – განაცხადა ბაიკერთა კლუბის წევრმა, მეტსახელად "ქირურგმა" ალექსანდრე ზალდასტანოვმა.
რაც შეეხება დელეგაციას რუსეთიდან, მცხეთაში იმყოფებოდნენ „მართლმადიდებელ მეცენატთა რუსეთის კლუბის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სამების საკათედრო ტაძარში უძველესი ხატების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.
„Ночные волки“ ცნობილია, როგორც რუსეთში ჯერ კიდევ სსრ კავშირის არსებობის დროს, 80–იანი წლების ბოლოს აღმოცენებული ბაიკერების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს არა ბაიკერებს, არამედ „რუს მოტოციკლისტებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფთან რუსეთსა და უკრაინაში არაერთი კრიმინალური ფაქტია დაკავშირებული, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება კი მათ პირდაპირ „კრიმინალებად“ და „ქილერებად“ მოიხსენიებს.
ცნობილია ასევე, რომ „Ночные волки“ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული დაჯგუფებაა. ისინი თავიანთ თავს რუსეთის ისტორიისა და ტრადიციების დამცველებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათი ერთობა მართლმადიდებლობის პრინციპებს ეფუძნება, თუმცა, მაგალითად კიევში ყოფნისას მათი მხრიდან მკერდშიშველი ქალების შემოსმამ მოტოციკლებზე ორთოდოქსი მრევლის განრისხება გამოიწვია.
"მოამბე", 15 ოქტომბერი:
"რა უნდოდათ პუტინის მეგობრებად ცნობილ რუს ბაიკერებს თბილისში. მოსკოვში პოპულარული კლუბის - "ღამის მგლების" წევრები 2 დღით საქართველოს სტუმრობდნენ. ეს ის კლუბია, რომლის საპატიო წევრად რუსეთის პრეზიდენტია არჩეული.
შეხვედრები თბილისში, სვეტიცხოვლობის დღეს, ვიზიტი მცხეთაში და სტალინის მუზეუმის დათვალიერება გორში - ასეთი იყო "ღამის მგლების" ქართული პროგრამა. ბაიკერების ვიზიტზე ქართული მხრიდან კომენტარი არავის გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის წევრებმა საქართველოში მოწვევა ჯერ კიდევ ზაფხულში, კიევში სტუმრობის დროს მიიღეს. ვინ და რატომ დაპატიჟა ცნობილი მოტოკლუბი - ნახეთ "მოამბის" ექსკლუზიური რეპორტაჟი.
მასალის გამოყენების პირობები






