თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება.
"ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. მე ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო-ს. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო-ს საბჭოზეა დამოკიდებული. პუტინმა კარგად იცის, რომ ნატო-ში და ევროკავშირში არ სურთ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავების იმპორტირება. ჩვენ არ შეგვიძლია, მას ნება დავრთოთ, რომ ეს დე ფაქტო ვეტოს უფლება შეინარჩუნოს. ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება. ამით ჩვენ შევძლებთ კრემლისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნას, არ გააგრძელოს ეს გზა, რადგან პოზიტიური განვითარება არ ექნება მისთვის" - აღნიშნა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






