"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ენმ ხვალ პარლამენტის სხდომას დაესწრება.
მისი თქმით, დღეს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „სიცრუის კორიანტელი დააყენა“.
„გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დავესწროთ პარლამენტის სხდომას, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, თუ რატომ არ შეიძლება ამ მთავრობის და თანაც, ამ შემადგენლობით დამტკიცება.
დღეს თუ ვინმე უსმენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა.
მარტო ერთი მისი სასაცილო მონათხრობი რად ღირს – თურმე იმ ცხრა წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო. არადა, საგარეო ვალის მოცულობა განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და იმ დროს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიდის ვალების დაგროვება, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის და ისინი სახიფათო ზღვარს უახლოვდება.
„არაერთი სიცრუე ითქვა ამ დარბაზში, თუმცა ჩვენც რომ არ ვამხილოთ, ხალხი ისედაც გრძნობს საკუთარ ტყავზე, თუ რა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა, როგორ მატულობს ფასები, როგორ უფასურდება ლარი, როგორ იცლება საქართველო ხალხისგან და უცხოეთში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადის, პენსიის რეალური ღირებულება კლებულობს. საქართველო ევროპაში ბოლო სახელმწიფოა, მოლდოვამაც და სომხეთმაც გაგვასწრო პენსიის რეალური სიდიდის მიხედვით. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ამ ხელისუფლების შვიდწლიანმა მმართველობამ და ეს ყველაფერი ითქმება აქ, მაღალი ტრიბუნიდან.
ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ამის გამო კიდევ ერთხელ ვამხილოთ ამ „გავრილოვის მთავრობის“ ანტისახელმწიფოებრივი ბუნება და ის საფრთხეები, რაც რუსეთთან მათი ურთიერთობებითა და რუსეთისკენ სვლით გამოიხატება.
მოვუწოდოთ საზოგადოებას, მხარი არ დაუჭირონ არა ამ მთავრობას, არამედ ამ პარლამენტსაც, რომელიც იქნება ფაქტობრივად ამ მთავრობის დამამტკიცებელი ხვალ პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






