„ეს საქმე უჩვეულოა იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში ამ პირების წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის წარმოება არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორის მარეგულირებლებს, პროკურორებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ ამის ძალიან ბევრი შერსაძლებლობა.
რა თქმა უნდა, ეს ტრანზაქცია არ იყო ფარული ხასიათის. ამ ტრანზაქციის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ორ შემთხვევაში იყო ინფორმირებული ამის შესახებ და გარდა ამისა, ამ ტრანზაქციის შესახებ ცნობილი იყო ისეთი საერთაშორისო აუდიტორი კომპანიისთვის , როგორიცაა KPMG.
ასევე მოგეხსენებათ, რომ ბანკი სათანადო შემოწმების პროცესზეც იყო დაქვემდებარებული. ეს იყო IPO-ს სათანადო შესწავლის და მოკვლევის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ბანკი გადიოდა საფონდო ბირჟაზე ლისთინგისთვის და შესაბამისად ეს ტრანზაქცია ამ ორი ბატონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოების დაწყების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.
ეს არის ტრანზაქცია, რომელიც დაექვემდებარა სათანადო აუდიტს. საკმაოდ უჩვეულო იყო მათ წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება. ეს იყო იმავდროულად საბანკო ტრანზაქცია კლიენტსა და კომპანიას შორის.
როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტი, ამ საქმეზე წარმომადგენლად ვიყავი მოწვეული. გვაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესი, რამდენად სათანადოდ მიმდინარეობს პროცესები და რასაკვირველია, დაინტერესებული ვართ, რომ ვაწარმოოთ დაკვირვება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ბრალდებებით გამოდიან.
თავად კონტექსტიც საკმაოდ უჩვეულოა, იმიტომ რომ როდესაც გავეცანი საქმის მასალებს, ვნახეთ, რომ ოფიციალურ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებს აკეთებენ. ისე ჩანს, რომ მათ საკმაოდ დეტალური ცოდნა აქვთ ამ საქმის თაობაზე. ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისი.
საჭიროა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, ეს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მიერ განხილვის საგანი"- განაცხადა სტივენ ქეიმ.
ფოტო bm.ge
მასალის გამოყენების პირობები






