"მინისტრი ბატიაშვილი დღეს ნდობის მოპოვებას ცდილობს საქართველოს პარლამენტში. ახალ კაბინეტში მისი დანიშვნა არა წარმატებული რეფორმის გამო მოხდება, არამედ ოცნების გუნდისგან მიცემული დავალებების ზედმიწევნით და უსიტყვოდ შესრულების მიზეზით. მინისტრი ბატიაშვილი, სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს მასწავლებლებისადმი დაპირებებს და წინასაარჩევნო შეფუთვით აწვდის საზოგადოებას. როგორ გვატყუებენ მომხიბვლელი ციფრებით? „სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის დარიცხული ხელფასი, რომლის სამუშაო სტაჟი 5 წელს აღემატება და აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი განისაზღვრება: 542.70 ლარს (მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო) + 470 ლარი (სტატუსის დანამატი)=1012.70 ლარს. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში მოპოვებულ1011 ლარში იგულისხმება უფროსი სტატუსისა და სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი". თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმზიდველი ციფრის მიღმა 20% საშემოსავლო და 2% საპენსიო ფონდის დაქვითვა იმალება და ეს თანხა ხელზე ასაღებ 789 ლარს შეადგენს. ასევე, რატომ არ პასუხობს მინისტრი მთავარ შეკითხვას თუ რამდენ სტატუსმოპოვებულ მასწავლებელს ეხება რეალურად ეს მატება? მაშინ, როდესაც მასწავლებლების 53 % პროცენტი სრულ განაკვეთზე არა გვყავს. ასევე, 15 საგაკვეთილო საათის ქონაბუნებაში მიუღწეველია მაგ. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთათვის.
პირველი მცდელობა, სქემა გახსნილიყო გახლდათ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ 6000-მა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა სისტემიდან გასვლის სურვილი, ამ ეტაპზე უცნობია, რა პროპორციით გადანაწილდება მათი საათები სკოლაში მომუშავე მასწავლებლებზე და რა პროპორციით დარჩება ადგილები ახალი კადრებისთვის სკოლაში, რაც რეფორმის მთავარი მონაპოვარი უნდა ყოფილიყო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დარჩენილი ვაკანსიები, უმეტესწილად შიდა კადრებით ჩანაცვლდა და საგაკვეთილო საათები დაეთმოთ არა ახალ კადრებს, არამედ ადგილზევე გადანაწილდა. საინტერესოა, რომ ჯერ 500 ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული, შემდეგ უცებ გამოცხადდა 6600 ვაკანსია, რაც ჩვენს ეჭვს რეფორმის ფასადურობაზე კიდევ უფრო ამყარებს.
აღარაფერს ვამბობთ 38 000 -ზე მეტ სისტემაში მყოფ პრაქტიკოს მასწავლებელზე (საშუალოდ 405 ლარიანი ხელფასით), რომელთა ანაზღაურებაც შეურაცხმყოფლად მინიმალურია და მათდამი სამინისტროს გულგრილობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იგივე მდგომარეობაა ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის, რომლებსაც მრავალწლიანი დაპირების შემდეგ 20%, ანუ 30 ლარით უზრდიან ხელფასს." - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






