„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის თქმით, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას რაიმე საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ ტვ პირველის ეთერში გიორგი გახარიას გაპრემიერების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტზე საუბრისას განაცხადა:
„შეიძლება არაპოპულარული რამ ვთქვა, მაგრამ ის რომ არ დავუშვათ გახარიას გაპრემიერ-მინისტრება , ეს არ იყო ყველა ოპოზიციური პარტიის განაცხადი. ეს იყო „გაერთიანებული ოპოზიციის“.
ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, პრემიერ-მინისტრის არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციურად სავალდებულოს ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე და წინაპირობების შექმნამდე არ ესწრება საკონსტიტუციო ცვლილებები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ შეეშალოს. ხმის მიცემას არ ვაპირებთ, ვაპირებთ გავაპროტესტოთ, ოღონდ ეს ყველაფერი იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის და არა ოპოზციის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვაპირებთ გავაპროტესტოთ, მათ შორის იგივე ახალგაზრდების მიტინგზე გაკეთებულ განცხადებაში, რომ ალყა დავარტყათ პარლამენტს და ამაშიც კი მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ სიმბოლურ მოქმედებებში სადაც გავაპროტესტებთ, მაგრამ არა ისეთ მოქმედებებში რომ ხელი მართლა შევუშალოთ, ან მივცეთ საბაბი „ქართულ ოცნებას“ რომ ხელის შეშლაში დაგვდოს ბრალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია როდესაც ხმას არ ვაძლევ და ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, დანიშნავს თუ არა პრემიერს, თუ შექმნის კრიზისს, მაგრამ მეორეა , როდესაც მე მივცემ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ ზოგადად კრიზისი დაგვაბრალოს ჩვენ. მე ვამბობ, რომ არ ვიცი როგორ მოიქცევა „გაერთიანებული ოპოზიცია“ , მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელის შეშლა და პროცესის ჩავარდნა ჩვენ ვერ დაგვაბრალოს. მიმაჩნია, რომ გახარია უნდა წავიდეს და ის არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ჩემთვის გახარია არის დამთავრებული კაცი. არსებობს ორი გზა შეაგნებინო ხელისუფლებას, ერთი ეს არის დიალოგი და სხვათა შორის მიტინგებიც დიალოგის ფორმა და ნაწილია და მიტინგითაც გარკვეულ მესიჯს უგზავნი ხელისუფლებას, არსებობს მეორე გზა, ეს არის არჩევნების გზა და ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ წელწადში გახარიას პრობლემა კი არ გადაწყდება, იმედი მაქვს რომ გადაწყდება ბიძინა ივანიშვილის პრობლემა.“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის თქმით, ოპოზიციური სპექტრის ყველა ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება და საბაბი, რომ პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვას:
„გავაპროტესტებთ იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც ქართულ ოცნებას არ მისცემს საბაბს და არ გადავალთ იმ ზღვარს, რომ რაიმეში დაგვდოს ბრალი. მე ყველას ვაფრთხილებ, განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ ის დასაყრდენი წერტილი, რომელიც მათ მისცემს თავისი პირობიდან, რომ იქნება პროპორციული არჩევნები, უკან დახევის საშუალებას. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით, ერთი არის რიგგარეშე არჩევნები, მეორე, რომ არ მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ეს არ უნდა დაგვბრალდეს ჩვენ.“- აღნიშნა ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






