კითხვაზე, ხელისუფლება ამ გადაწყვეტით რას ეუბნება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვდა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.
„საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ, რასაკვირველია.
ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს. მთავარი თემა არის შემდეგი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის.
ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს, მე ვფიქრობ, არის თავიდან ბოლომდე დანაშაული იმ ადამიანების, ვინც პარლამენტზე შეტევა წაახალისა. რაც 2012 წლამდე მოხდა - 26 მაისი და სხვა თარიღები გავიხსნოთ. ეს იმ პერიოდის ხელისუფლების დანაშაულია თავისი ხალხის მიმართ - სიკვდილი, წამება და შეურაცხყოფა. ეს იქნება მთავარი ნიშანი, რაც სურს გააკეთოს ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ამათ შორის. ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგიაა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ "გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კადიდატი, რომელმაც უნდა დაიკავიოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა".
„გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, აქედან დაიწყო მან, ისე ეკონომიკის სფეროში, სადაც ძალიან წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას და შემდეგ იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობით. აქედან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კადიდატი, რომელემაც უნდა დაიკავიოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო კვირა, მოვისმენთ პროგრამას, რომელიც იქნება მორგებული იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ კითხვებსაც, რასაც დღეს სვამთ, გაეცემა დეტალური და ამომწურავი პასუხები“, - განაცხადა მდინარაძემ.
ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ თქვა, რომ "გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე".
მისივე განცხადებით, გახარია შეძლებს საზოგადოების დაკვეთას უპასუხოს.
"დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც. ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა, დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მასალის გამოყენების პირობები






