„ბლოკპოსტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა აქ მიმდინარეობს რაღაც განსაკუთრებული სამშენებლო ტექნიკით გადაადგილება. თქვენ თავადვე რწმუნდებით, რომ მსგავსი არაფერი არ ხდება. ეს არის სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, რომელიც არის ათეულობით და ასეულობით მთლიანად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ირგვლივ, აბსოლუტურად, ხაზს ვუსვამ, სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, სტანდარტული პერსონალით და სტანდარტული აღჭურვილობით”,-განაცხადა ქემოკლიძემ.
ქემოკლიძის თქმით საგუშაგოს გახსნის მიზანი ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ნორმალიზებაა:
„ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც და მის შემდეგაც იყო და არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიულ სეგმენტში სხვადასხვა ინტენსივობით აქტიურად პატრულირებდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისევე როგორც შსს-ს მობილური პატრულირების ჯგუფები.
ქართული მხარის პოზიცია არის ძალიან მარტივი, საგუშაგო არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად. საგუშაგოს გახსნის მიზანი არის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ნორმალიზება. ჩვენი მოტივაცია მიმართულია დეესკალაციისკენ. ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ნებისმიერი დიპლომატიური ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ვითარება განიმუხტოს“- აღნიშნა ქემოკლიძემ.
თქმით, ერგნეთის მოლაპარაკებებზე ულტიმატუმის ენით ლაპარაკი მიუღებელია და ის ხელს არ უწყობს პრობლემის დარეგულირებას:
„ის, გარკვეულწილად, ცოტა უცნაური განცხადებები, რომელიც გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ, ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული. რაც შეეხება ულტიმატუმს, ისეთი მოლაპარაკების ფორმატში, როგორიც არის ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები, ისევე, როგორც ზოგადად ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატში, ულტიმატუმის ენა, ცალსახად, არის მიუღებელი ნებისმიერი მხარისთვის. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობ, ცხადია, მარტო ქართულ მხარეზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე. როგორც კი შემოდის დისკუსიაში ულტიმატუმის ენა იქ ფაქტობრივად, ბევრი პრობლემა იქმნება, ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს რიტორიკას შეცვლის და საბოლოო ჯამში, ერგნეთში შეხვედრები გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომელიც მოემსახურება ადგილზე პრობლემების დარეგულირებას და არა – პირიქით”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






