პროკურატურის ამ პასუხს დავით დვალი ასაჯაროებს და ფეისბუქის გვერდზე პოსტს წერს:
„საქმეს ანგრევენ ფაქტიურად. დაზარალებულები კი ხართ, მაგრამ ბრალს არავის წავუყენებთო. 7 წლის თავზე გვწერენ ამას. ეს ის პროკურატურაა, ბოლო დროს რომ ერთ კვირაში კერავს საქმეებს...“ - წერს დვალი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდე, რუსთავი 2-თან დაკავშირებით დაიწყეს სამართლებრივი გზით ბრძოლა შელახული უფლებების აღსადგენად. 2012 წლის 30 ნოემბერს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საჩივარი შეიტანეს საქართველოს პროკურატურაში.
პარალელურად, დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც მისი მხრიდან რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შესთავაზა, რომ მისი სასამართლო საქმის გამარჯვების შემთხვევაში იგი წილების 50%-ს და მენეჯმენტს დაუთმობს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს.
ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წელს დაიწყო. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და კომპანია „პანორამას“ მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ამ ხნის განმავლობაში ტელეკომპანიის ანგარიშებს ყადაღა ჰქონდა დადებული. 2019 წლის 18 ივლისს კი სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.
მასალის გამოყენების პირობები






