გლეხები ამბობენ, რომ 60 თეთრი, რაც სვარაუდოდ თეთრი ყურძნის ჩასაბარების ფასი იქნება, მათთვის მიუღებელია. აღსანიშნავია, იგივე ფასი იყო შარშანაც, რამაც კახეთში საყოველთაო პროტესტი და აქციები გამოიწვია. ადგილობრივები აქციებს არც წელს გამორიცხავენ. გლეხები „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ყველა მათგანს კარგად ახსოვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლიის ჯერ კიდევ 2012 წელს გაკეთებული განცხადებები, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, თუმცა ფაქტია, რომ ფერმერები ყურძენს 60-80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან.
ამასთან, როგორც შარშან, ასევე წელს რთველი ისე ჩატარდება, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.
გლეხების პროტესტს სრულად იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი, რომელიც „ნიუპოსტს“ ხელისუფლების მხრიდან ქართველი გლეხის მიმართ არსებულ წნეხზე ვრცლად ესაუბრა.
ენმ-ს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა რუსულ ბაზარს მოარგოს, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დაბალ ფასად იყიდება:
"ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ წელს ყურძნის ფასი არ იქნება ისეთი, რაც იყო გასულ წლებში. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ თითქოს რეზერვუარებია სავსე და ამის გამო ფასი ვერ იქნება მაღალი, რადგან ქარხნები ყურძნის მიღებას ვერ შეძლებენ. არადა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, წლების განმავლობაში გვესმოდა, ყოველწლიურად როგორ იზრდებოდა ღვინის საზღვარგარეთ გატანის რაოდენობა და როგორ აფართოებდნენ ბაზარს. სამწუხაროდ, ამ განცხადების პარალელურად ყველა კარგად ვხედავდით, რომ ძირითადად დამოკიდებულება იზრდებოდა რუსულ ბაზარზე. არადა რუსეთში ერთი ბოთლი ქართული ღვინის მაქსიმალური ფასი 2 აშშ დოლარია. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე კი ფასი მინიმუმ 4$-იდან იწყება და ძალიან დიდ თანხაზეც ადის. ამის მიუხედავად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ურჩევნია სრულად იყოს დამოკიდებული რუსეთზე და 60% გაიტანოს რუსულ ბაზარზე, რაც სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლების სურვილია თავადაც დამოკიდებული იყოს რუსეთზე“- განაცხადა ბოტჯოველმა.
რაც შეეხება ყურძნის ჩაბარების საკითხს და ფასებს, ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მართალია, სახელმწიფო ყურძნის ჩაბარების სისტემაში არ უნდა ერეოდეს, თუმცა ხელისუფლება გლეხისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მის ხელთ არსებულ არცერთ ბერკეტს არ იყენებს.
„2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" იყო ოპოზიციაში და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, ივანიშვილი კახელებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით. მაშინ თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი 1 ლარი იყო და ამაზე ივანიშვილი ამბობდა, რომ ეს ფასი კახელი გლეხის დაცინვა იყო. დღეს კი გლეხები იმაზე ნაკლებად აბარებენ თეთრ ყურძენს.
იმის ნაცვლად, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ემუშავა მან გლეხი მონსტრ ქარხნებთან დატოვა. არადა შეეძლო დახმარებოდა ადგილობრივებს ბანკებთან ურთიერთობაში, იაფი კრედიტის აღებასა და თუნდაც დახმარებოდა გლეხს საკუთარი მცირე საწარმოს შეექმნაში, რომ მაგალითად ეწარმოებინა ქვევრის ღვინო, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია და ყველაზე მაღალი ფასი აქვს.
მონსტრი ქარხნები კი პირდაპირ აწესებენ ფასებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის კარგად ყიდის ღვინოს თუ ცუდად. მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია დაუწესოს გლეხს ფასი, მაგალითად 60 თეთრი, რადგან კარგად იცის, რომ მევენეხეებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა ჩააბარონ მოსავალი, რადგან არ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის.
მაგალითად, რა ხდებოდა შარშან და შარშანწინ - შარშან სიტყვაზე თეთრი ყურძენი 80 თეთრი ღირდა. მიიტანდა გლეხი მოსავალს ქარხანაში. ქარხნის მეპატრონე შეხედავდა ყურძენს, არ მოეწონებოდა დატვირთული ყურძენი და ეტყოდა, რომ ამაში 70 თეთრზე მეტს ვერ გადაიხდიდა. სხვა გზა აღარ რჩებოდა გლეხს, უნდა ჩაებარებინა ყურძენი, რადგან ტრანსპორტირების ხარჯი უკვე გაწეული ჰქონდა, ტრანსპორტირებისას ყურძნის დანაკარგი უკვე განცდილი ჰქონდა და ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში უფრო მეტ ზარალს იღებდა გლეხი“- თქვა ბოტკოველმმა.
ენმ-ს წარმომადგენელი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყურძნის ჩაბარებაზე დაწესებულ დაბალ ფასს ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირებს და საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის.
ბოტკოველის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს „გლეხის მდგომარეობა ფეხზე კიდია“, პირიქით, ის მათ წინააღმდეგ არჩევნების შედეგების შემდეგ შურისძიებას ცდილობს:
„სახელმწიფოს არ აინტერესებს რა მდგომარეობაშია გლეხი. ივანიშვილს ყოველთვის ფეხებზე ეკიდა, რა მდგომარეობაში იყო ქართველი გლეხი, თუმცა გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე კახეთში განცდილი კრახის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ შური იძიოს და ქარხნებს უთხრეს, თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც თქვენ გსურთ, ის მეთოდები გამოიყენეთ და კისერზე დააჭირეთ წიხლი კახელ გლეხს.
ქარხნებიც შეუდგნენ დავალების შესრულებას - 2 დღეა რამდენიმე ქარხანამ საშამპანიურე მასალის მიღება დაიწყო. დღეს ამ ყურძნის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს. საშამპანიურე მასალა რომ 60 თეთრი ღირს, ეს იმას ნიშნავს, რომ საღვინე ყურძნის მიღება რომ დაიწყება, მისი ღირებულება მაქსიმუმ 60 თეთრი იქნება, შეიძლება 50 თეთრიც იყოს.
გასაგებია, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ყურძნის ჩაბარების სისტემაში, მაგრამ ის ხელს უნდა უწყობდეს გლეხს იაფი კრედიტის კუთხით ან სხვა მიმართულებით, რითაც გლეხი შეძლებს უკეთესად იყოს. ახლა გვეუბნებიან, რომ სუბსიდია არ იქნება, მაგრამ არის სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნები, რომლებიც დარჩენილ ყურძენს ჩაიბარებენ და მას სასპირტედ გადაამუშავებენ. ანუ რაც ეღირება ყურძენი ამ პერიოდის განმავლობაში, სასპირტედ ჩაბარებული ყურძენი მინიმუმ 20 თეთრით იაფი ეღირება. ესეიგი, ვინც ვერ ჩააბარებს დღევანდელი ფასით - 60 თეთრით, სახელმწიფო მას ეტყვის, რომ 20 მილიონი აქვს გამოყოფილი და ჩაიბარებს 40 თეთრად. ეს როგორ იმოქმედებს გლეხის შემოსავალზე, ვიცით.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის. ის ჩინოვნიკები, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ ადგილზე იმუშაონ ამ ადამიანებთან და ხელი შეუწყონ მოსახლეობას, მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არიან დაკავებულები. სურთ, მაქსიმალურად მეტი მოიხვეჭონ... მოასწრონ, სანამ ხელისუფლებაში არიან"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






