ISFED-ი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და შერჩევით მიდგომაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია იმ განცხადებებზე მიუთითებს, რომელთა საფუძველზეც 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ინსპექტირებები ზუგდიდის მე-6 (რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო), თბილისის 124-ე, 145-ე და სოფელ ზედა ეწერის საჯარო სკოლებში.
როგორც "სამართიან არჩევნებში" აცხადებენ, ოთხივე განცხადება დაწერილია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში და მათი ავტორების სტილი, ფორმულირებები და ფრაზები მსგავსია. სამი განცხადება დაწერილია 8 ნოემბერს, ხოლო ერთი - 21 ნოემბერს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს განათლების სამინისტრომ ინსპექტირება 7 საჯარო სკოლაში ჩაატარა, აქედან 6-ში - საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში.
ISFED-იმ სპეციალური ანგარიში ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოაქვეყნა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ.
საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების შემოწმებისა და მათი შეფასებიდან გამომდინარე „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები






