პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის ბრალის წაყენებას ოპოზიცია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა ტელევიზია თვითონ დაიქვემდებაროს და სამთავრობო მედიის პირობებში ჩაატაროს 2020-ის არჩევნები.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილის თქმით, ზღაპრების მსგავსად ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს სარკე, სადაც ჩაიხედავს და კითხვაზე ვინაა ყველაზე ლამაზი, მიიღებს პასუხს, რომ ის:

„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ რ2-ის შემდეგ დადგებოდა ტვ პირველის ჯერი, ეს მცდელობები ადრეც ქონდა ხელისუფლებას, ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბარემ რახან რუსთავი2 აღარ არის, მიაყოლოს ტვ პირველიც და ფორსირებულად დაიწყო თავისი ქმედებები. რა საკვირველია, ეს არის მცდელობა დამოუკიდებელი მედიის დადუმების, რაც პრინციპში განწირული მცდელობაა, უბრალოდ საზოგადოებას მართებს მეტი კონსოლიდაცია და აქტიურობა იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი, მივიყვანოთ ეს ქვეყანა არჩევნებამდე და გავუშვათ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების პირობებში ნორმალური სიტუაცია ვერ იქნება, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს სარკე, სადაც ჩაიხედავს და კითხვაზე ვინაა ყველაზე ლამაზი, ეტყვიან „შენ ხარ“. ეს უნდა და ეს არ გამოვა.“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, პროცესები, რომელიც ტვ პირველის ირგვლივ ვითარდება უკავშირდება გიორგი გახარიას წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა და რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ტელევიზიებმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალონ:
„აქ პირველ რიგში ყველას გაგვახსენდება გახარიას ცნობილი წერილი მამუკა ხაზარაძის მიმართ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელი იყო ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და გვახსოვს იქ ტვ პირველის მოხსენიებაც, ამიტომ როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის კვალი მიიყვანეს ახლა ავთო წერეთელთან, ეს ცალსახად უკავშირდება იმ პროცესს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და რაც მისი აზრით, მას ბოლოში მიჰყავს, როდესაც რ2-ის დახურვას ახლა უნდა მოჰყვეს ტვ პირველის ჩახშობა. რაც უფრო მეტად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი რომ მოხუფოს და ჩარჩოში მოაქციოს, ის საზოგადოებრივი პროტესტი, რაც მის მიმართ არსებობს, ახლა რაიმე დათმობა და მერყეობა, ივანიშვილის მიმართ, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა გამოვლენილი სიმტკიცე, როგორც ეს რ2-ის ჟურნალისტებმა აჩვენეს, გაუკეთებს საზოგადოებას ისეთ მობილიზაციას, რომელიც ყველაზე საუკეთესო თავდაცვა იქნება ავთო წერეთლისთვის იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც მის მიმათ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს ანადგურებს და ამას მას ქართველი ხალხი არ აპატიებს:

„ივანიშვილმა გადაწყვიტა სრულად საინფორმაციო ველი და მისთვის სასარგებლო ინფორმაცია ჟღერდეს მხოლოდ ტელევიზიებში. ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანა დემოკრატიული პრიონციპების დასასრულისკენ მიმდინარეობს. ეს რა თქმა უნდა უფრო ცუდად შეუტრიალდება ივანიშვილს და ქართველი ხალხი აუცილებლად აგებინებს პასუხს ყველა იმ ქმედებისთვის, რასაც ის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ ახორციელებს.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განიხილავს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მისი თქმით საქმეს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ არის აღძრული დაზარალებული არ ჰყავს. ჯაფარიძის განცხადებით ივანიშვილი პრევენციულად იცილებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება მომავალში მისთვის პოლიტიკურად რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს:
„ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და ამაზე არაერთხელ გავაკეთე გყანცხადება. მე არ მჯერა რომ ან ეროვნული ბანკი ან პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი და ისე კარგად აქვთ მოგვარებული ის საქმეები, რომელიც მათ აბარიათ, რომ 12 წლის წინანდელი ტრანზაქცია ამოაგდეს და იმაზე დაიწყეს დევნა, თითქოს გუშინ და გუშინწინ რაც ხდებოდა ის ყველაფერი გამოძიებული აქვთ და ყველა დასჯილი ჰყავთ. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ისიც გასაგებია ვისგან, ეს მოდის ივანიშვილისგან. ივანიშვილი პრევენციულად იცილებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება მომავალში მისთვის პოლიტიკურად რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს და ამის ნაწილია ტვ პირველის დამფუძნებელთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეს შეიძლება იყოს ტელევიზიისთვის პრობლემის შექმნაც, შეიძლება სურათი რომ გახადონ დამაჯერებელი, რომ აი მარტო ხაზარაძესთან კი არ გვაქვს რაღაცა დავა, მეორე მხარე ვინც იყო, ამ შემთხვევაში, წერეთელი, მასაც ვედავებით. ამ სურათის დახატვა უნდათ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ამბავი და ამას ცხადია არანაირი კავშირი არ აქვს არც საბანკო სისტემის გამართულობასთან არც რაიმე სხვასთან. ამ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, რომელიც ხელს აწევს და იტყვის, რომ აი მე დავზარალდი და ვიღაცას ვუჩივივარ და კომპენსაცია მინდა, რომ უყადაღებენ ხაზარაძეს საბანკო ანგარიშს, სად მიაქვთ, ვისთვის მიაქვთ ეს ფული? ვინ არის დაზარალებული?“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






