ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად კი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა და განაცხადა, რომ მელაძის დიდი ოდენობით ბონუსები აქვს მიღებული არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასგან.
სალიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს ნოდარ მელაძე და აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ის არ დათანხმდა თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ რუსთავი2-ში გარკვეული ცენზურის დაწესებას.
მელაძის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაიცავს. სამართლებრივი ბრძოლის საფუძველი ის კონტრაქტი გახდება, რომელიც ტელეკომპანიას მელაძესთან აქვს გაფორმებული და როგორც რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, საკმაოდ მყარ გარანტიებსაც შეიცავს.
„სამართლებრივ დავას რა თქმა უნდა, დავიწყებ. ჩემს ინტერესებს დაიცავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო," დღეს უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან. რამდენიმე საათში, ალბათ, შევხვდები ეკას და მის იურისტებს გადავცემ იმ კონტრაქტს რომელიც გაფორმებული აქვს ჩემთან "რუსთავი 2-ს" მყარი გარანტიებით. მე არ მინდოდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, იმიტომ რომ მქონდა ძალიან კარგი პოზიცია, ვიყავი პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი, ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი, P.S. -ის რეპორტიორი და "აქცენტების" პროდიუსერი, მაშინ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება მოხდებოდა შიდა როტაცია თანამდებობრივი, მითხრეს, რომ ჩადი, არავინ შეგეხება და კონტრაქტი გაფორმდა მყარი გარანტიებით, შესაბამისად ამ კონტრაქტით ვიდავებთ სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა არამხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შევქმნათ პრეცედენტი, რომ ტელევიზიაში,როდესაც მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები სამსახურიდან.“- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






