"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების ტენრებში საეჭვო გარიგებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, 43 მილიონიან ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ეკოლუქსმა“ გამოთქვა.
„60 ათასი ბავშვის გამოკვება, ყოველდღიურად, დღეში 3 ლარად და 60 თეთრად, არის შეუძლებელი. ანუ, ეს არის ის ფასი, რომელიც მაგალითად 2012-13 წლებში ყოფნიდა ბაღებს და იხარჯებოდა დედაქალაქის მერიიდან. ახლა როგორც წარმოგიდგენიათ, მას შემდეგ გავიდა 6 წელი, მას შემდეგ არის სერიოზული ინფლაცია, მას შემდეგ გაძვირდა ხორცი, გაძვირდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც ბაღებში შეაქვთ. შესაბამისად, მთავარი ამ ტენდერში რა არის, როგორც წინა ხელშეკრულებას მოსდევდა ლაიტმოტივად, 60 ათასი ბავშვის ხარისხიანად კვება კი არა, მაფიოზურად, ქურდულად, როგორ გაინაწილონ ეს 43 მილიონი ლარი, ამას ფიქრობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ტენდერის გამო, ერთმანეთში დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესმენებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ყურის მოჭმით დამთავრდა როგორც 90-იანებში ხდებოდა... ახლა კონკრეტული კომპანია, რომელიც ერთადერთია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და აპირებს მერია, რომ ხელშეკრულება გაუფორმოს, არის ის კომპანია, რომელიც ემსახურებოდა წინა კომპანიას, ვგულისხმობ ნილს და ასევე, კონტაქტები ჰქონდა ყურის მომჭმელთანაც და ყურის მოჭმულთანაც" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






