საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თურქულ მხარესთან კომუნიკაცია აქვთ, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით, თურქეთი უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს:
„ვფლობთ ინფორმაციას აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც აგვისტოში, აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებისთვის თითქოს იგეგმება საარჩევნო უბნის სტამბოლში გახსნა. თურქეთთან ჩვენ მეგობრული და პარტნიორილი ურთიერთობები გვაკავშირებს; გვაქვს კომუნიკაცია - რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით, თურქეთი უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს.“- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები, ოკუპირებული ტერიტორიის გარდა კიდევ სამ ქალაქში - მოსკოვში, ჩერკესკში და სტამბოლში გაიხსნება. ეს უბნები სოხუმის #6 საარჩევნო ოლქის დაქვემდებარებაში იქნება. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






