ოპოზიციის ლიდერები და „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დღეს გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ძალა ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესს ახორციელებს. ისინი გუგუტიანთკარში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდნენ.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, აქ არ იგრძნობა რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, რადგან მოსახლეობა ოკუპანტის წინაშე მარტოა დარჩენილი, ხელისუფლება კი თავსაც არ იწუხებს და მიუხედავად გუგუტიანკარელების გაუსაძლისი მდგომარეობისა, შვებულებებსაც არ წყვეტს. ქარდვას თქმით, სწორედ ამიტომ საზოგადოების ვალია, რომ ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოშორდეს:
„ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც ოკუპანტის პირისპირ ამ პირობებშია დარჩენილი, ხელისუფლება არ ჰყავს, პირველ რიგში ამას უნდა გავუსვათ ხაზი. არ არის მიზეზი მხოლოდ შვებულებები და ის რომ ვიღაცა ისვენებს. გასაგებია ის თავხედური განცხადებები, რომელიც გორი მერმა გააკეთა, მაგრამ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პოზა, მას არ სურს რაიმე დაპირისპირებაში შევიდეს რუსეთთან, ოკუპანტთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით ქვეყანაშ მივიღეთ კრემლის მარიონეტი ხელისუფლება. მე არ ვიცი რა ხდება კარასინი-აბაშიძის ფორმატზე, არ ვიცი რა მოლაპარაკებებს აწარმოებს საიდუმლოდ ივანიშვილი რუსეთთან, თუმცა შედეგში ვხედავთ რაც ხდება ქვეყანაში, რომ რუსეთი ნელ-ნელა შეიძლება მალე თბილისსაც მოადგეს და არც მაშინ გაინძრევა ეს ხელისუფლება. საზოგადოების ვალია, პირველ რიგში მოვაშოროთ პროპუტინისტური ივანიშვილის რეჟიმმი ქვეყანას და შემდეგ ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დავიწყოთ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






