ოპოზიციის ლიდერები და „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დღეს გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ძალა ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესს ახორციელებს. ისინი გუგუტიანთკარში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდნენ.
„გამარჯვებული საქართველოს’ ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე ცხელი წერტილი სწორედ გუგუტიანთკარია, მთავრობა კი რომელმაც თავის დროზე ამ ტერიტორიებიდან ქართველი სამართალდამცავები გაიყვანა, რამაც ოკუპანტებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, დღეს იმალება და თავის მოსახლეობას არ ენახვება:
„ცოდვის კალო ტრიალებს აქ, ყველაზე ცხელი წერტილი და გულის და სულის შემკვრელი არის ის უბედურება რაც ჩვენ მოძმეებს, ჩვენ სისხლ და ხორც ქართველებს აქ ჭირთ. ჩვენი მთავრობა ზოგი ხევსურეთშია, მაგალითად ბახტაძე და იქ გვიწვევს ჩამოდითო, დანარჩენები დაკავებულები არიან ეშმაკმა უწყის რითი, ან ისვენებენ. არავის გული არ შეტკივა თუნდაც იმაზე, რომ წინმსწრები რამე ნაბიჯი რომ გადაედგათ აქ ეს უბედურება არ მოხდებოდა. ეს არ არის ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. 2013 წელს რაზმები რომელიც აქ იდგნენ რომ არ გაეყვანათ ეს არ მოხდებოდა და ძალიან ბევრი რამ არ მოხდებოდა. ეს ცოდვა ხომ თავისთავზე აიღეს და დღეს კიდევ იმალებიან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გულის მომკვლელი და ალბათ ყველაზე სამარცხვინო პასუხი იმაზე თუ როდემდე გაგრძელდება ესო და რუსეთს კითხეთო. რატოა ეს კაცი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ან სადაა თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი, რა აქვს ამაზე დიდი საქმე რომ აქ მოვიდეს და განცხადება მაინც გააკეთოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ამაში გვეთანხმებიან აქ მყოფი ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, რომ სასწრაფოდ უნდა იქნებს მთავრობის სხდომა მოწვეული, რომ სოციალური დახმარებები მაინც აღუდგინონ ამ ხალხს. მინდა მივმართო მილიონერ დეპუტატებს, ვაი თქვენ მილიონებს თუ აქ არ ჩამოხვალთ და ამ ხალხს, ამ ბავშვებს ერთხელ მაინც არ დაეხმარებით. ბიძინა ივანიშვილო ჩამოდი ერთხელ და ჩახედე ამ ხალხს თვალებში და დაეხმარე.“- განაცხადა კოტე კემულარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






