„ევროპული საქართველოს“ ერათ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად იქნება ის უზარმაზარი ტვირთი ქართული ოცნების კისერზე, რომელიც ჩაძირავს:
„საქართველოში ცვლილებები ხორციელდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, არა იქიდან გამომდინარე რა ჭირდება ქვეყანას, ან რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, სამთავრობო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილების და გეგმების მიხედვით. გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ეს იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი ქართული ოცნების კისერზე, რომელიც ჩაძირავს ქართულ ოცნებას.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ლევან სამუშიას თქმით, ეს კიდევ ერთხელ იქნება იმის მანნიშნებელი, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები აღარ არსებობს და ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზე იმართება:
„პრემიერიც, მოსამართლეც, პარლამენტის თავმჯდომარეც ყველა ინსტიტუცია ერთ ადამიანშია მოქცეული, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიამ შეიძლება პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, ეს იქნება საზოგადოების დაცინვა.“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
„ოცნებიდან“ წასული ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ რთული ამოსაცნობია რას გადაწყვეტს ივანიშვილი, რადგან ეს გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება. გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების წევრები ნებისმიერ ფასად მზად არიან ივანიშვილის ახლოს ადგილი შეინარჩუნონ:
„რას ფიქრობს დღეს პარტიის თავმჯდომარე, ეს ცოტა რთული ამოსაცნობია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საკუთარმა გუნდის წევრებმა არ იციან, ლოგიკას არ ექვემდებარება მისი გადაწყვეტილებები, ის არავისთან ამ გადაწყვეტილებებს არ ათანხმებს. მათ უნდათ, რომ იყვნენ ივანიშვილის წიაღში და შესაბამისად მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან. ის რომ დღეს მამუკა ბახტაძე არის პრობლემა, როგორც პრემიერ-მინისტრი და ადამიანებში არასტაბილურობის განცდას აჩენს, ის რომ, ფაქტობრივად ფორმალობაა მისი იქ ყოფნა და ხშირ შემთხვევაში მავნებლობაში გადადის მისი უსუსურობა და აზიანებს, როგოც ეკონომიკური, ისე სხვა თვალსაზრისით ჩვენს საზოგადოებას ეს ფაქტია.“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გაერთიანებული ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი და ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ივანიშვილის დიქტატურული რეჟიმის დროს სამთავრობო ცვლილებებს ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ივანიშვილი ცვლილებებს თავის გადასარჩენად ახორციელებს და არა ქვეყნისთვის:
„ამ სამთავრობო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საბოლოოდ, როგორც დიქტატორი ჩამოყალიბდა საქართველოში. რომელიც საქართველოს მიაქანებს კრემლის ორბიტისკენ. ამ ცვლილებებით ცდილობს თავი გადაირჩინოს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის შეფასებით, მსგავსი სამთავრობო ცვლილება იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბოლო პერიოდში განვითარებულ ყველა საშინელ მოვლენას იწონებს და გახარიას ამ სამუშაოს პირნათლად შესრულებისთვის, ახლა სრულიად საქართველოს აბარებენ, რაც ერთგვარი მუქარაა, როგორც ოპოზიციის ისე საზოგადოების მიმართაც:
„მათთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოიქცევიან ისინი, დათხრიან თუ არა ადამიანებს თვალებს, დაარბევენ თუ არა მშვიდობიან აქციებს, ეყოლებათ თუ არა პოლიტპატიმრები და დაიჭერენ თუ არა უმიზეზოდ ყველა იმ ადამიანს ვინც გაუხარდებათ. ისინი ამით ამბობენ, რომ გახარიამ 20 ივნისი შეასრულა პირნათლად და ახლა მას ვაბარებთ სრულიად საქართველოს და აწი იყავით ფრთხილად.“- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






