საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვისას, პროცესის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი;
7 აგვისტოსვე გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან;
მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს;
8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის დროს არაერთი ჩვენი პარტნიორი გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს - აშშ, ევროკავშირი, ნორვეგია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ესტონეთი, უკრაინა და სხვა ევროპული სახელმწიფოები.
8 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მოქმედებები.
საერთაშორისო პარტნიორებმა - ევროკავშირმა, აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, ესტონეთმა, უკრაინამ, იაპონიამ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ - სლოვაკეთმა და ევროპარლამენტარებმა მკაცრად დაგმეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან:
მუდმივ კონტაქტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან;
აქტიურად მუშაობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან;
კომუნიკაციას უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან;
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დაეცალათ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.
14 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული ქმედებები
14 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.
16 აგვისტოს ადგილზე ვითარების გასაცნობად გუგუტიანთკარს სამინისტროს ინიციატივით ეწვია დიპლომატიური კორპუსი.
საერთაშორისო პარტნიორები, თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შეჩერდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში მიმდინარე ეს უკანონო პროცესი.
შესაბამისი გამოხმაურებები გაკეთდა ევროკავშირის მისიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, შვედეთის, სლოვაკეთის და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან.
საერთაშორისო მხარდაჭერა და ზეწოლა არის ის ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელს ხდის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეჩერებას და შემდგომ პრევენციას" - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






