გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ლეგიტიმაციის ჩარჩოებიდანაა გასული და ქვეყანას მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. ქარდვას თქმით, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ერთი ფრონტი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლისთვის ბრძოლაა, მეორე კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება:
„ალბათ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ 20 ივნისი არის თარიღი, როდესაც საქართველოში ხელისუფლება - ივანიშვილის რეჟიმი ფაქტობრივად გავიდა ლეგიტიმაციის ჩარჩოებიდან და დღეს ხელისუფლება აღარაა კონსტიტუციურ-ლეგიტიმურ ჩარჩოებში. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ პოლიტპატიმრებზე ქვეყანაში, ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აპატიმრებს პოლიტიკური შეხედულების გამო და რაც მთავარია ეს შეხედულება არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მით უფრო ამ ვითარებაში შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმს ეწოდოს ლეგიტიმური ხელისუფლება. ნამდვილად არ მეგონა საქართველოს დამოუკიდებლობის ამდენი წლის შემდეგ, რომ მომიწევდა საუბარი ადამიანის უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე, მაგრამ ეს დღეც დადგა, ჩვენ, პოლიტიკოსებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, ფაქტობრივად 2 ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა, ერთი ფრონტი ეს არის, რომ დროულად მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი და მეორე, ამ ბრძოლაში არ დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება, იმ პოლიტპატიმრებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომლებმაც დაიცვეს ქართველი ერის სინდისი და ღირსება 20 ივნისის ღამეს და ამ ბრძოლას იქაც აგრძელებენ. მათზე მიმდინარეობს აგრესიული ზეწოლა და ხელისუფლება რომელიც სირაძეებს აწინაურებს, ის ხელისუფლება ფაქტობრივად საზოგადოებას დასცინის და ეუბნება, რომ ის არ აპირებს ლეგიტიმურ ჩარჩოებში დაბრუნებას, კანონიერ-კონსტიტუციურ ჩარჩოებში ყოფნას და ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი და დიქტატურა.“- აღნიშნა ქარდვამ.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, თუ ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოების ხმას არ მოუსმენს, მაშინ მას ამ ხმის გაგონება ქუჩიდან მოუწევს:
„ ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს რეჟიმი დავასრულოთ არჩევნების გზით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, თუ ის ხალხს წაართმევს არჩევანის უფლებასაც, ხალხი მას გასცემს პასუხს, იმ ქვეყანაში სადაც არ მუშაობს ინსტიტუციები და უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ, ასეთ ქვეყანაში ამუშავდება და ამოქმედდება ქუჩა და ამ ქუჩიდან პასუხს შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწვავეს და მწარეს აუცილებლად იგემებს. ვურჩევდი, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით მაინც დაიწყოს და ამ ადამიანების წინაშე ნუ შერცხვება, იმიტომ რომ ეს ადამიანები საქართველოს თავისუფლებას იცავდნენ 20 ივნისის ღამეს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






