შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც რუსი ოკუპანტები რკინის ღობეებს ამონტაჟებენ.
ზვიადაძის თქმით, მუშაობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ამ საკითხთან შეხება აქვს, რათა მიმდინრე პროცესი შეჩერდეს.
„ამ წუთებში სამუშაოები არ მიმდინარეობს. ვნახე, როგორ აკეთებდნენ ბოძებს ძალიან ახლო მანძილზე. საკმაოდ რთულია, ეს პროვოკაციული მოქმედებები გრძელდება. სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეხება აქვთ ამ თემასთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ეს უბედურება შეჩერდეს და გაგრძელება არ ჰქონდეს“, - ამბობს ზვიადაძე.
მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება.
„მაქსიმალურად ვეცდებით, ამ ხალხის მიმართ გამოვხატოთ მატერიალური ფორმით მხარდაჭერა, რათა შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რაშიც დღეს იმყოფებიან“, - ამბობს ზვიადაძე.
რაც შეეხება წყლის რეზერვუარს, რომელიც ასევე მავთულხლართებს მიღმა ექცევა, სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს რთული თემაა და საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.
„წყლის რეზერვუარი რთული თემაა, ახლა ვერაფერს გეტყვით, ამ კონკრეტულ მომენტში წყლის რეზერვუართან არ არის ეს ღობეები შემხებლობაში, თუმცა დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, გაგრძელების შემთხვევაში, რა მიმართულებით გააგრძელებენ. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს ეს და არც წყლის რეზერვუარი და არც ადგილობრივების ბაღები იქნება თუ ნაკვეთები არ მოექცეს ამ სიმახინჯეების შიგნით, რომელსაც ისინი აწყობენ“, - განაცხადა ზვიადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






