ინფრასტრუქტურის სამინისტროში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მივიდა. უწყებაში შესვლამდე ახვლედიანმა ანაკლიის პროექტის განვითარების პროცესზე და კონსორციუმიდან „კონტი-ჯგუფის“ გასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„აქ ჩვენი მოსვლის მიზეზი არის ის, რომ გუშინ მივაღწიეთ მნიშვნელოვანი პროცესის გარკვეულ ეტაპს ეს არის გენერალური კონტრაქტორთან, კომპანია Eiffage-თან დავასრულეთ ხელშეკრულებაზე და კომერციულ-ტექნიკურ პირობებზე მოლაპარაკება, ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი, რადგან როგორც იცით ჩვენ ერთი წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში, ბოლო სამი თვეა მიმდინარეობს კონტრაქტორის შერჩევისა და პირობების შეთანხმების ინტენსიური მოლაპარაკება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 5 ათას გვერდს. იმაზე რომ ამ შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ამაზე მუშაობდა ათეულობით ადამიანი სხვადასხვა დეპარტამენტიდან. დღეს ვაბარებთ ამ შეთანხმებას მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბანკებს რათა განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი პროექტისთვის. ეს არის გენერალური პროექტი და ეს ნიშნავს, რომ პროექტის ტექნიკური მხარე მზად არის იმისთვის, რომ როგორც კი მოხდება შეთახმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ჩვენ შევძლებთ მშენებლობის დაწყებას. ტექნიკურად პროექტი მზადაა მშენებლობის დაწყებისთვის, როგორც კი იქნება ფინანსური შეთანხმება მიღწეული, მთავრობას, ბანკებსა და ჩვენს შორის ჩვენ შევძლებთ მშენებლობის დაწყებას. ამ ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 200 მილიონ დოლარს.“- განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, „კონტი ჯგუფს“ ბოლო დროს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა და მათი გასვლით, არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი:
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ „კონტი ჯგუფს“ ბოლო დროს ქონდა ძალიან პასიური როლი, თქვენ იცით, რომ დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად, მათ გასვლასთან დაკავშირებით ლაპარაკი დღეს და გუშინ არ დაწყებულა და გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა თვითონ ფაქტი არაა სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი, ყოველ შემთხვევაში კორსორციუმი. კონტი არის უფრო სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, მათი როლი იყო ძალიან შემცირებული და ეს მათი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კრიტიკული არაა. მსხვილი აქციონერი იყიო თუმცა, როდესაც ფინანსურ დახურვაზე დადგებოდა მომენტი მათი მონაწილეობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა ვიდრე დღეს. 70 მილიონი დოლარია ინვესტირებული, რაშიც მათი მონაწილეობა არის მცირე, მიუხედავად იმისა რომ მათი წილი იყო დიდი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი, ჩვენ ასეთი გვყავს, ეს არის „ესესეი მარინი“ , ის არის ოპერატორი და ასევე სტრატეგიული პარტნიორი და ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში. კონტის გასვლასთან დაკავშირებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მათი გასვლა ჯერ არ მომხდარა. მიზეზებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, კომპანიის პოზიციაა ის რომ არ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზების საჯაროდ დაფიქსირებას, ჯერჯერობით მაინც. აქციებთან მიმართებაში იურიდიული დეტალები ჯერ პროცესშია.“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
კითხვაზე ნიშნავს თუ არა ამერიკული „კონტი ჯგუფის“ პროექტიდან გასვლა აშშ-ის ინტერესების შესუსტებას ახვლედიანმა განაცხადა, რომ ის ამ პროცესს ასე არ შეაფასებდა:
„ამას არ დავარქმევდი, ჩვენ ველოდებით პროექტის ძალიან კარგ განვითარებას როგორც ინვესტორების, ისე სხვა კუთხით, მთავრობისგანაც იყო კარგი განცხადებები გაკეთებული ბოლო 2 დღის მანძილზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაიზრდება კონსტრუქციულ საუბარში, როდესაც ჩვენ დავჯდებით სექტემბერში მაგიდის გარშემო. ამას არ აღვიქვამდი, როგორც შენელებას ამერიკული ინტერესების.“- აღნიშნა ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე შეცვლის თუ არა მთავრობის დამოკიდებულებას პროექტისადმი კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლა, რომელიც მთავრობას ერთ-ერთ სანდო და ანგარიშგასაწევ პარტნიორად მიაჩნდა, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ის მთავრობის მოსალოდნელ პოზიციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, მისი თქმით, თუ მთავრობას რაიმე პრეტენზიები ექნება, კონსორციუმი შეეცდება დაარწმუნოს რომ ამაში არანაირი პრობლემა არაა.
მასალის გამოყენების პირობები






