„მთელ საქართველოში რეგისტრირებული პარტიები, ყველა რომ მოხვდეს პარლამენტში თითო-თითო კაცით, "ქართულ ოცნებას" მაინც არ ეყოფა იმისთვის, რომ კოალიციაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. ის რომ 40%-მდე მაინც აიღონ, რისი სურვილიც მათ აქვთ და როგორც ამაზე კულუარებიდან გამოდის ხმები, ესეც კი მითია. მათ, 40%-იც კი გაუჭირდებათ და არათუ 10%-ზე ექნებათ სანადირო პარლამენტში გასულ პარტიებში, არამედ ბევრად მეტზე. ასე, რომ "ქართული ოცნების" კოალიციის ჩამოყალიბების პერსპექტივას, მე ნამდვილად ვერ ვხედავ. მაგრამ თუ დავუშვებთ თეორიულად შანსს, რომ "ოცნებამ" კოალიციის შექმნა სცადა, ჩვენი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია იყო და რჩება, რომ არცერთ პრორუსულ ძალასთან არ ითანამშრომლებს, მითუმეტეს სამთავრობო კოალიციის ფორმატში. „ქართულ ოცნებას“ მე დღესაც მივიჩნევ პრორუსულ ძალად, შეიძლება ყველა არ არის რუსული ორიენტაციის და შეხედულების, მაგრამ მათი პატრონი, დღეს, „ქართული ოცნების“ ხელით, ძალიან გეგმაზომიერად ახორციელებს რუსულ პოლიტიკას და საქართველოს აბრუნებს რუსულ ორბიტაზე. ასე, რომ ეს პერსპექტივა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას დღის წესრიგში არ დაუდგება.
ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში არის და ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული ფორმატი გაერთიანებული ოპოზიციის სახით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაძლიერდეს, რომელიც უკვე გამოსცადა პოლიტიკურმა ცხოვრებამ და 2018 წელს მან ფაქტობრივად დაამარცხა „ქართული ოცნება“, მინიმუმ პირველ ტურში მაინც, რომ არა ტოტალური გაყალბება, ეს იქნებოდა აუცილებლად გამარჯვება. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მმართველი პარტიის მარცხი უბრალოდ გარდაუვალია. ჩვენ ამ ფორმატის გაძლიერებაზე ვმუშაობთ და სხვა დღის წესრიგი ამ დროისთვის არ გვაქვს. ყველა პროდასავლური ძალის კონსოლიდაციას შევუწყობთ მაქსიმალურად ხელს და ვფიქრობთ, გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოების პერსპექტივაც სერიოზულია, უკვე არის გარკვეული კონტაქტები სხვა პროდასავლურ პარტიებთან, სხვადასხვა საფეხურიანი თანამშრომლობაც არსებობს ყველა პროდასავლურ პარტიასთან, მე მინუსს ამ საკითხში არ დავსვამდი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






