კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი.
„ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც თეთრი ძაფით იკერება საქმე და ასეთი საქმეები ჩვენ ბევრი ვნახეთ ბოლო პერიოდში. ეს უკვე არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დაჭერები და მუქარები, მათ შორის, ბიზნესმენებზე, რაც ხორციელდება და ეს წარმოუდგენელი იყო, თუნდაც სამი თვის წინ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაა ასევე ეხმაურება, იურისტი, ბაჩანა შენგელია. ის პარალელს ავლებს ია კერზაიას საქმესთან და ამბობს, რომ ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
„რაც დაიწყო პროკურატურამ, არის სრულიად პოლიტიკური პროცესი, ყოველგვარი უტრირების გარეშე, ვინაიდან მე მარტივ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის, 9 თვეა, მე ვითხოვ საქმის დაწყებას და ბრალის წარდგენას ადამიანებისთვის, რომლებმაც სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები და ათასობით გვერდი მაქვს მტკიცებულების სახით წარდგენილი, თუმცა, დღემდე არავის ბრალი არ წარდგენია და ნიკა გვარამიას შემთხვევაში, ორი კვირის ვადაში საჩივარიც შეიტანეს, ბრალიც წარუდგინეს და, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიებაზეც მალე იმსჯელებენ,“ - განაცხადა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






