„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
"ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ ამ დღეებში დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობაში" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, დაღუპული გმირების ხსოვნა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
"მათი ხსოვნა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის - ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ.დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს და არ დაუშვას ყველაზე უფრო დიდი საფრთხე - ჩვენს შიგნით საფრთხე, ჩვენს შიგნით მარცხი, შეგუება იმასთან, რომ რუსული ოკუპაციის და დომინაციისა და პოლიტიკური კარნახის გარეშე, არ გვექნება თავისუფალი ქვეყნის აშენების შანსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს უკავშირდება ჩვენს პერსონალურ თავისუფლებასაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული ორი ცნებაა,"- თქვა ბოკერიამ.
პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია.
"პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო იმ გმირების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული იმ ჯარისკაცისა და ოფიცრის წინაშე, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ჩვენი დევნილების მიმართ, ვის მხრებზეც გადაირა საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულმა ეპიზოდებმაუკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია, იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის დროშა დღეს უჭირავს ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში ახალგაზრდებს, რომლებიც აგრძელებენ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა იქნება წარმატებული. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობა" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






