მურად აბლოთია ჯერ კიდევ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დევნილთა სამინისტროში ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, სამინისტროს დაშლის შემდეგ ის დევნილთა დეპარტამენტში დარჩა.
როგორც ,,ნიუპოსტის" წყარო ჰყვება, მურად აბლოთიამ მოლაპარაკება უკვე დაიწყო აფხაზეთის ვეტერანთა კავშირთან.
აბლოთია ვეტერანთა კავშირს შემდეგნაირად გაურიგდა: იმ შემთხვევაში თუ კი ვეტერანები მას დაეხმარებიან, კალაძე ამ შემთხვევაში მათ პარლამენტში რამოდენიმე ადამიანის შეყვანას ჰპირდება.
ასე ლაგდებიან კალაძე-აბლოთია-ვეტერანები, მაგრამ გულ-ხელდაკრეფილი არც გიორგი გახარია ზის.
მურად აბლოთიას სახელს დევნილებთან დაკავშირებით არა ერთი ხმაურიანი ფაქტი უკავშირდება.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ენმ-ის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიას ინფორმაციით, მურად აბლოთია საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხილეს. ოპოზიციის ინფორმაციით, 2020-ის არჩევნებისთვის დევნილთა ხმების ნადირობაში კალაძე და გახარია დამოუკიდებლად არიან ჩართულნი. აბლოთია კი კალაძის მხარეს წარმოადგენს.
"მურად აბლოთია, წლების განმავლობაში იყო დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სოზარ სუბარის მარჯვენა ხელი. მისი გავლენები სამინისტროში სერგეენკოს მინისტრობის დროსაც შენარჩუნდა. თუმცა როგორც გავიგე, ჯანდაცვის ახალ მინისტრთან სიტუაცია ვერ დაალაგა. ეკატერინე ტიკარაძეს მურად აბლოთიას გაშვება უნდა, თუმცა კალაძე-სუბარის კლანი მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევენ.
აბლოთიას სკანდალური წარსული აქვს. მისი სახელი ხმაურიან გამოსახლებებს, ქრთამის აღებას უკავშირდება. მედიაშიც გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელიც ქართული ოცნების ოფისში ამომრჩევლის მოსყიდვას შეეხებოდა. აბლოთია ამ ჩანაწერში აღიარებდა, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დევნილთა ხმების მობილიზება ჰქონდა ჩაბარებული. აბლოთია აქტიურობდა ზუგდიდის თვითმმართველობის არჩევნებზეც. აბლოთია დასჭირდათ 2020-ის არჩევნეზეც და გამოიყვანეს დღის სინათლეზე"- აცხადებს ბესო შენგელია.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, თუ კალაძეს დევნილთა სამინისტრო აქვს აღებული, შინაგან საქმეთა მინისტრი ფსონს ანზორ მარგიანზე დებს.
ცნობისთვის, სწორედ მარგიანის გამო შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში როცა ახალი თანამდებობა შეიქმნა.
"კალაძე და გახარია დევნილებს ვერ იყოფენ და პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა. კალაძემ გადაწყვიტა აბლოთიას ხელით, დევნილთა სამინისტროს მიმართულებით წავიდეს. გახარია კი მუშაობს იმაზე რომ აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ხელში ჩაიგდოს. ანუ ორი გავლენიანი ფიგურა დევნილთა მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ კარგად ნახა, რომ დევნილთა ყველა საარჩევნო უბანი წააგეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობაში შიდა წმენდა"- განაცხადა ბესო შენგელიამ.
ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ აფხაზეთდან დევნილი აბლოთია დევნილებში სრულ უნდობლობას იწვევს.
"სრული განუკითხაობაა დევნილთა მიმართულებით. საქმეში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან დევნილთა მდგომარეობა. ისინი თანამდებობებს საკუთარი კომფორტისთვის იყენებენ. რახან ხელისუფლებამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებში განწირულია, ახლა ყველა ღონეს ხმარობს, რომ დაშინებით, მოსყიდვით შეეცადონ დევნილების ხმების მობილიზებას. აბლოთიას, ვეტერანთა კავშირში მჭიდრო კავშირები აქვს და სავარაუდოდ ამ კლანების მეშვეობითაც მოხდება ხმებზე ნადირობა"- დასძინა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






