კონსტიტუციონალისტი და ყოფილი დეპუტატი, ვახტანგ ხმალაძე უმრავლესობის მიერ წარდგენილ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების პროექტში არსებულ პრობლემური თემებზე საუბრობს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე განუცხადა, დისკუსიის მონაწილეები დღეს წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე იმსჯელებენ.
„აქაც არის პრობლემური თემები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისარეკლამასთან და ა.შ. აქ არის საკითხები, რომელიც არ არის მედიასაშუალების გადასაწყვეტი, მაგალითად, შეფასება იმისა, არის თუ არა გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა, ეს არის სასამართლოს შესაფასებელი. შესაბამისად, მედიას არ უნდა დაეკისროს ფაქტობრივად ცენზორის როლი და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა მედიასაშუალებამ“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






