სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზად სპეკულაციურ ფაქტორს და მთავრობის შიგნით არსებულ არასტაბილურ განწყობას მიიჩნევს, რაც პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება.
„ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე და ის დაგვანახა, რომ მთავრობის წევრები ერთმანეთს აღარ ენდობიან. არ იციან, ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგი გაქცევასაც ფიქრობდეს.
ფაქტია: ამ ხელისუფლების ხელში დოლარი, პრაქტიკულად, გაორმაგდა.
ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.
სახელდება ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი... მოკლედ, თავად არასოდეს არიან დამნაშავები და ფინალში ისე გამოდის, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას ამ ქვეყანაში რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსისი ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება.
ამიტომ, არ მგონია, ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო, პირიქით,“ - ამბობს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






