ბასილაია მიმდინარე გამოძიებას ზეწოლის მცდელობას უწოდებს. „რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა დასრულდა. დამენიას გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საქმე ეხება „რუსთავი 2-სა" და „ინტერმედიას“ შორის თანამშრომლობის და ფინანსური ოპერაციების დეტალებს.
ადვოკატი ბასილაია აღნიშნავს, რომ საქმეზე გაუთქმელობის ფორმალური საფუძველი არის. მისი თქმით, პროკურატურას რეალურად გაუთქმელობა სჭირდება იმისთვის, რომ "საქმის უსუსურობა" არ გამოაშკარავდეს.
"უსუსური საქმეა და მას პერსპექტივა არ აქვს. თუ ამ საქმეზე ღია მსჯელობა მოხდება, ყველა დაინახავს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, დეკლარირებული და აქ დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ აქვს. აქ ვინმეს რეკლამა კი არ აინტერესებს, აქ ვინმეს „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს, აქ არის ერთი ინტერესი, რომ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა. ეს არის ამ გამოძიების ერთადერთი მიზანი. გამოძიება ისეთ კითხვას ვერ სვამს და ვერ დასვამს მომავალშიც, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა დგას ამის უკან. უბრალოდ ისმება კითხვები ეს ხელშეკრულება რატომ გაფორმდა, არის პასუხი, რომ „ინტერმედია“ იმ პერიოდში იყო ერთადერთი ყველაზე ეფექტური კომპანია, რომელიც სარეკლამო დროის გაყიდვას ახდენდა. ცალსახაა, რომ ამ საქმის გამოძიება, არ არის სამართლებრივი მოტივაციით განპირობებული. ეს არის შეკვეთილი საქმე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, რომლის მიზანიც არის მედიაზე ზეწოლა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






