სახალხო მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ლარის გაუფასურებაზე თანამდებობის პირების განცხადებებს ოროსანი მოსწავლის პასუხებს ადარებს.
„ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების განცახადებები, დაახლოებით, იმ ოროსანი მოსწავლის პასუხს ჰგავს, გაკვეთილი რომ არ იცის, არადა, მასწავლებელს გამოძახებული ჰყავს. ან აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ან ერთი მესიჯური ტიპის.
ბანკებს კი, ამ დროს, სრული კარტბლანში აქვთ და ხელისუფლებას აშანტაჟებენ.
და რაც უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, ვერ ერევა დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში. ხალხი დღითიდღე ღატაკდება, კარგავს თავის შემოსავალს და ეს შემოსავალი ინაცვლებს ბანკირების ჯიბეში.
ასე რომ, პირველ რიგში, პოლიტიკაა გადასახედი ბანკებთან მიმართებაში.
ისიც პრობლემაა, რომ დღეს მხოლოდ ბლუმბერგის სიტემა არეგულირებს სავალუტო კურსს, რაც ბევრი და დიდი მანიპულაციების საშუალებას იძლევა, ანუ ლარის კურსის ასეთ ცვლილებას კავშირი არა აქვს ეკონომიკურ პროცესებთან. ეს უფრო დაკავშირებულია სპეკულაციურ პროცესებთან, რაც პირველ რიგში, სწორედ ბანკების შემოსავლებში აისახება - წლიდან წლამდე, სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ ბანკებს ეზრდებათ.
ამიტომ, მთავრობა უნდა დაფიქრდეს. მისი უფლებამოსილებაა ისეთი ახალი რეგულაციები დაუწესოს ბანკებს, რაც მათ ასეთი თავისუფალი მოქმედების საშუალებას აღარ მისცემს.
სხვა შემთხვევაში, ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ. ბანკები იმდენად დიდ მოგებას ნახულობენ კურსის ასეთი ხშირი და სწრაფი ცვალებადობით, რომ უბრალოდ, დაინტერესებულნი აღარ არიან ეკონომიკის პირდაპირი ინვესტირებით. თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მაგალითს თუ განვიხილავთ, ვნახავთ როგორი დაპირისპირებაა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის იმიტომ, რომ იქ დღეს ძალიან აქტუალურია ბანკების შეზღუდვის საკითხი და მათი ეკონოკიკაზე მორგება.
ასევე, გავიხსენოთ დიდი ოცეულის ბოლო შეკრებაზე წამყვანი ქვეყნების ლიდერების განცხადებებიც, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა, ანუ მთელი მსოფლიო თუ ცდილობს, რომ მოდელი შეცვალოს, ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ ასეთი უკონტროლო ზონა ბანკებისთვის.
ჩვენც უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, განვახორციელოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ ბანკები მეტ-ნაკლებად შევზღუდოთ.
მოკლედ, ხელისუფლება იმიტომაა არჩეული, რომ ემსახუროს ხალხს და არა - ბანკირებს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






