მესამე სექტორის შეფასებით, არ შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფა იყოს კრიმინალიზებული, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი წინააღმდეგობაში მოდის სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებასთან.
„აღნიშნული ნორმა არის ძალიან ბუნდოვანი, შეუძლებელია, ამ ნორმის ადრესატებმა განსაზღვრონ კონკრეტული გამონათქვამები და მათი შეფასებები სასამართლოსთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს შეურაცხყოფად და უპატივცემულობად და მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა, იმ შინაარსით, რომელიც ბატონ ზვიად კუპარავას ბრალად წარუდგინეს, ანუ სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ გაკეთებული, თუმდაც შეურაცხმყოფელი განცხადებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით“ - განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მთავარი სპეციალისტი ქრისტინე კუპრავა კი ირწმუნება, რომ აღნიშნული ნორმა ლეგიტიმურია და ის სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას იცავს.
„არ ვეთანხმებით მოსარჩელე მხარეს, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ნორმას. ეს არის სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის დაცვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მათ შორის დასაშვებად მიიჩნევს, ასეთი შეზღუდვის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






