თბილისში, 27 აგვისტოს, 17:15 საათზე. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების სტუმრობამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" ეწვევა და ბორჯღალოსნებთან მატჩს გამართავს.
2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, მილთონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი ჰქონდათ დაგეგმილი. შოტლანდიასთან შინ და გარეთ გასამართ შეხვედრებამდე (31 აგვისტოს თბილისში და 6 სექტემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“), საქართველოს რუსეთის ნაკრები უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქემ „მსოფლიო რაგბის“ მიერ დანიშნული შეხვედრა გააუქმა.
რაგბის კავშირმა ალტერნატიული მეტოქის ძიება დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტიდან პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული გუნდი, "საუზერნ კინგსი" შეარჩია.
გულშემატკივრებს, რომელთაც საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, "საუზერნ კინგსთან" მატჩზე დასწრება ამ ბილეთებით შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები