"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ის, რასაც ჩადის ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა".
„ხელები აქვთ ჩამოშვებული და, ფაქტობრივად, არის კაპიტულაცია, ბედს არიან მინდობილი. ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი. თავისით არაფერი ხდება, უნდა გამოიყენოს ინტერვენციები, უნდა შეამციროს უცხოური ვალუტით დარეზერვების ნორმა, საქართველოს მთავრობამ უნდა მოახდინოს გარკვეული კორექტირება ბიუჯეტისა, მოიჭირონ ქამრები, შეკვეცონ არარაციონალური ხარჯები, ეს ღონისძიებები ერთდროულად უნდა გაატარონ,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა არაკომპეტენტურია.
„ვუყურებთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის სრულიად არაკომპეტენტურობას. წლებია, ლარი ასეთ მდგომარეობაშია, წლებია, ეკონომიკა სუსტდება, წლებია, ფასების საკითხი აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, წლებია, უმუშევრობის პრობლემა გვაწუხებს და ამის მიუხედავად, ვერცერთი ნაბიჯი ამ მთავრობამ ვერ გადადგა,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით კი, ლარი ეკონომიკის სარკეა და ასახავს იმ დინამიკასა და განწყობას, რომელიც, ზოგადად, ქვეყნაში არის.
მისი განცხადებით, ლარის გაუფასურება არ შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ფაქტორის მიზეზი. კობერიძე ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საპანიკო არაფერია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომელსაც გამოიყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






