მაჩალიკაშვილმა გახარიას შვილიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.
„მე, 73 წლის ქალს, თხოვნა მაქვს მასთან (გიორგი გახარიასთან), როგორც ახალგაზრდა კაცთან. შვილებიც ეყოლება, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც. ამ შუაზე გახლეჩილ გულს კიდევ ნუ დააყრის მარილს და თხოვნა მაქვს, რომ გამოუშვან მორის მაჩალიკაშვილი“, - განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა "ტვ.პირველის" ეთერში.
მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილს აფრთხილებდნენ, თუ ბიძას, მალხაზ მაჩალიკაშვილს არ ჩამოშორდებოდა დაიჭერდნენ.
„ალბათ მან იცოდა, რომ დაიჭერდნენ. მამხნევებდა, არ უნდა ინერვიულო, ბებოო. თურმე, დაკითხვაზე ყოფილა მიყვანილი, თუ კარვები არ დაიშალა და ბიძაშენს არ მოსცილდები, დასაჭერი იქნებიო. ასეთი რაღაც შეუთავაზებიათ. ძალიან შემეშინდა. ვუთხარი, შვილო, ჩამოვალ და ჩამოგიყვან მეთქი, მაგრამ მითხრა: ბებო, მე ბიძაჩემს გვერდიდან არ მოვცილდები, არც დავაშავებ რამეს და არც უკანონოდ მოვიქცევიო. ბიძას არ მივატოვებ, რადგან ერთადერთი შვილი მოუკლეს და ახლა ჩვენც რომ გავერიდოთ, სხვანაირად იქნებაო. ასე მელაპარაკა. წავიდა და მესამე დღეს დაიჭირეს“, - განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, მნორის მაჩალიკაშვილს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
"კადრებს ბოლომდე ვუყურე. ესეც ვიცოდი, რომ ჩემი შვილიშვილი არაფერ შუაში იყო. ხელები ჰქონდა აწეული, სუფთა ხელებით ვარო და განზე იდგა. ერთადერთი, რომ გამოჰყავდათ ცუდად გამხდარი მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისულა, ბიძა გამოიყვანეს და მასთან ერთად საავადმყოფოში წავიდა. ნამდვილად იმისთვის დაიჭირეს, რომ ის ჩემი გულგახეთქილი, გულდაწყვეტილი, გულჩათუთქული შვილი კიდევ შუაზე გადატეხონ წელში. ეს სიბერე ძალიან ჩამამწარეს. ჯერ ერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეს და ალბათ მეორესაც გამინადგურებენ. ჩემს შვილებს საქართველოსთვის არაფერი დაუშავებიათ. ჩემი შვილს უდანაშაულო შვილი მოუკლეს. სამართლიანი გზით ითხოვს სამართლიანობას“, - თქვა შვილიშვილმოკლულმა ბებიამ.
26 წლის მორის მაჩალიკაშვილი სამი დღის წინ დააკავეს. მას ბრალი 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობისთვის წარუდგინეს. 26 წლის ახალგაზრდას მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






