38-ე დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნა და 19:00 საათზე შეკრება განახლდა. აქციაზე მასობრივ დაკავებებსა და 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებულ დევნას აპროტესტებენ. აქციის მთავარი მოთხოვნა- შს მინისტრის გადადგომა, კვლავ უცვლელი რჩება. აქციის ორგანიზატორები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებენ:
„ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, იგი დაუფარავად გადავიდა ომზე. საქართველოს ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოყვანას აპროტესტებდნენ.
19 დაკავებული მოქალაქე, ორგანიზებული აქცია ყოფილი მაღალჩინოსნის სახლთან, ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე საგამოძიებო უწყებებში დაბარებული - სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პორტის მშენებლები.
და ამ ყველაფრის ფონზე, კახეთში, ატმის საკრეფად წასული საქართველოს მთავარსარდალი
და დუშეთში სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებით დაკავებული პრემიერმინისტრი.
სახეზეა ინსტიტუციების რღვევა და სისტემის ბნელი და მახინჯი ძალის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება.
როგორც ჩანს, ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება არაა.
გამოდი, თუ გინდა, რომ ხვალ დამოუკიდებელ ქვეყანაში გაიღვიძო. გამოდი, თუ გაწუხებს ის ჭაობი, რომლისკენაც არსებული მდგომარეობა მიგვაქანებს. გამოდი და გააპროტესტე ხმამაღლა! გამოდი თუ გინდა გახარია გადადგეს, თვეზე მეტი გავიდა ამას ვითხოვთ!
შაბათს, 19:00-ზე, დაბრუნდი ქვეყნის სამსახურში! დაბრუნდი ხმამაღლა, დაბრუნდი გაბრაზებული, დაბრუნდი მშვიდობიანად! ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას!“- ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






