„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების წინააღმდეგია.
მისი თქმით, ტელევიზია მათ უხეშად წაართვეს და ხელისუფლებამ ის უკან უნდა დაუბრუნოს.
„რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. კატეგორიულად მივიჩნევთ, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ – სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა. მივიჩნევთ, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. მივიჩნევთ, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, - განაცხადა დვალმა.
მასალის გამოყენების პირობები






