„დღეს დააკავეს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე, 20 ივნისის ღამეს, ე.წ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.
რა უნდა ქნას კონკრეტული პროფილის სრულიად აპოლიტიკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როცა მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს − ველური ცხოველების კვლევისა და დაცვის საქმეში არა ერთი ინოვაციის საქართველოში შემომტანს და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სპეციალისტს, საუკეთესო მეგობარს, ორი შვილის მამას, ცხოვრებაში ახლოსაც რომ არ გაუვლია არანაირ კრიმინალთან და, აქამდე და შემდგომაც ერთადერთ დანაშაულს რომელსაც ჩაიდენს იქნება ის, რომ ვერ აიტანა სულში ჩაფურთხება და გააპროტესტა პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა − ციხეში უკრავენ თავს?!
შეუძლებელია ბეჟანი ციხეში იყოს და „ნაკრესმა“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მის გასათავისუფლებლად მივმართოთ. იმედია ჩვენი პარტნიორები და დონორები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში გარკვეულ შეფერხებას.
მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, ვისთანაც ნაკრესი თანამშრომლობს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ერთეულებს, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ბეჟანის გათავისუფლებაში. ასევე მივმართავთ პარლამენტარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრებს, მხარი დაგვიჭირონ ამ საქმეში და თავმდებად დაუდგნენ ბეჟანს - იქნებ რომელიმემ მაინც გადაწყვიტოს, რომ არც მათ უნდათ ისეთი საქართველო, რომელშიც ბეჟან ლორთქიფანიძე ციხეში იჯდება?“- ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






