„აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი, ფადი ასლი პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას. ასლის თქმით, ოლიგარქი ცდილობს, აღნიშნული პროცესით ანაკლიის პროექტი ჩაძიროს და მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური ოპონენტი, გაანეიტრალოს.
„ჩემი აზრით, 100 %-ით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ რამეს მიაღწიოს, პირველი, ეს არის ანაკლიის პროექტის შეჩერება, რადგან ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. მეორე, ის ცდილობს, თავიდან მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტი მამუკა ხაზარაძის სახით, რადგან მას შეუძლია ხალხი შემოიკრიბოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს 2020 წლის არჩევნებში, ამით ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება ქვეყანას და ივანიშვილს, რადგან მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. ჩემი აზრით, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენსაც, რადგან ვეღარ გადარჩება. ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გაანადგურებს მასაც და პარტიასაც. ივანიშვილმა ამით ხარაკირი ჩაიტარა.“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
ფადი ასლის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წევრები ინვესტორებს ატყუებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს:
„მინისტრები და პრემიერი ატყუებენ ყველას, ინვესტორებს, საერთაშორისო გაერთიანებას, შეერთებული შტატების მთავრობას, ისინი ასრულებენ რუსეთის ბრძანებას, რომ პორტის პროექტი ჩაძირონ, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ქვეყანას სტაბილურობის ფასად დაუჯდეს. საქართველოსთვის ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს.“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






