მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სახალხო მოძრაობა „ტორბუნის“ ლიდერს, ისნის მაჟორიტარ დავით ჭიჭნაძეს კითხვები ხელისუფლების მიმართ აქვს. როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ის ბრალი, რაც ხაზარაძეს აქვს წაყენებული, ხელისუფლებას შეუძლია, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასაც წაუყენონ, მით უმეტეს, რომ თუნავას შემთხვევში სახეზე ანალოგიური სქემებია.
„თან, ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული, სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული, რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. ისინი კი, ვინც თავს დაზარალებულად ცნობს, მათი საქმე წინ არ წაწეულა, ანუ არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არა „წარმატებული“ მინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აღმშენებელი“, როგორადაც ახლა გვიხატავენ.
როგორც აშენეს ეკონომიკა ჩანს - ერთი დოლარი 2,91 ლარს აჭარბებს!
მოკლედ, ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს, რომ ექვსი თვე გავიდა იმ პირველი განაცხადიდან დღემდე. როგორც ვიცი, არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა და თუ ასეთი მძიმე დანაშაულია, პროკურატურას ცოტა უფრო სერიოზულად უნდა ემუშავა, თორემ ჩვენ უკვე ვნახეთ, მელიას შემთხვევაში, 93 დეპუტატმა როგორ უპასუხისმგებლოდ დაუჭირა მხარი მის პატიმრობას, რაც მოგვიანებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა. და ფინალში გამოვიდა, რომ მურუსიძის სასამართლო უფრო „სულგრძელი“ აღმოჩნდა და გამჭრიახი, ვიდრე - მთელი ჩვენი პარლამენტი. ამიტომ, დაველოდოთ, გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის ბრალდებას,“ - ამბობს ჭიჭინაძე.
რაც შეეხება ხაზარაძეს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლაზე გააკეთა განაცხადი, როგორც ჭიჭნაძე აღნიშნავს, მაშინვე თქვა, რომ თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა.
„თავისუფალი საქართველო იწყება თავისუფალი საზოგადოებით, არა ვალიანი და არა დამონებული ადამიანებით, რაშიც ლომის წვლილი ხაზარაძესაც მიუძღვის. სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია, „ნაცების“ დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი ყველასთვის ცნობილია. ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები 70 მილიონი ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში? დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის ფინანსები სადაა, რომელიც უნდა მობილიზდეს.
იმაზეც დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეს პორტი არის პოლიტიკური და არა კომერციული მნიშვნელობის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ, მორიდებული უნდა იყო.
ილია ჭავჭავაძეს არ შეუდარებია თავისი თავი ქვეყანასთან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროექტები აქვს განხორციელებული. ისე, ივანიშვილსაც არანაკლები პროექტები აქვს განხორციელებული. 3-4 მილიარდი დახარჯა ქართულ პროექტებში, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იქმადე, რომ დღეს მისი სახეები სწორედ ის „ნაცები“ არიან, ვისაც ებრძოდა, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ვერც ივანიშვილი ვერ გახდა საქართველოს სახე და ერთი ადამიანით არასოდეს არ არის და არც იქნება ამ ქვეყნის მომავალი! საქართველო კი, კიდევ ბევრს გაუძლებს. ამ დროებით რყევებსაც და ამ გამოცდილებით უფრო გაბრწყინებული გამოვა მდგომარეობიდან,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






