გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ სახეზეა კორუფციის აშკარა ნიშნები. ჩხიკვიშვილი ეჭვობს, რომ სახელმწიფო უწყება რუსეთის მოქლაქეების კუთვნილ შპს-ს ლობირებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნული შპს-ს დირექტორია ირაკლი კიკორია, ხოლო კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან თეიმურაზ მაქაცარია და გიორგი ცომაია. სამივე მათგანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.
"ბილეთები.ჯი"-მ სამხარაულის ექსპერტიზის დანიშვნაც მოითხოვა, თუმცა შპს "გურუმ" შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც "ბილეთები.ჯი"-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიებზე ტურისტების ნაკადის მოწესრიგება შესთავაზა.
გიორგი ჩხიკვიშვილის თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, მალევე ტენდერიც დაინიშნა, თუმცა თანხა იმაზე მეტი დასახელდა, რაც რეალურად აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის იყო საჭირო.
"ის, პირობები რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობდა, გაცილებით მომგებიანი იყო სახელმწიფოსთვის, ვიდრე ის რაც საბოლოოდ ჩადეს ტენდერის პირობებში. ეს ფაქტი ძალიან გაგვიკვირდა. საბოლოოდ, ტენდერი ე.წ. „კონვერტებით“ ჩატარდა და არა ელექტრონული სახით? აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული გახდა კომპანია, რომელსაც მანამდე ერთი ბილეთიც არ ჰქონდა გაყიდული და მისი არსებობის შესახებ არავინ ვიცოდით. საუბარია რამდენიმე ათასი ლარის ბრუნვაზე. ამის შემდეგ დავინტერესდით, რამდენად აკმაყოფილებდა ეს კომპანია ტენდერის პირობებს, თუმცა პასუხო ვერ მივიღეთ. ტენდერის მიხედვით, სამუშაო 1 აპრილს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა არაფერი გაკეთებულა. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩვენი კონკურენტი არ მოხსნა და გვთხრა რომ სამუშაობის შეუსრულებლობა მათი ბრალი იყო, რადგან ნებართვა მათ ვერ გასცეს. ბუნებრივია გაგვიჩნდა პირველი ეჭვი, რომ არსებობდა ჩვენი კონკურენტის ლობირების საფრთხე. ეს ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიუროს ექსპერტს არ მიეცა ადგილზე მუშაობის საშუალება"- აღნიშნა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
"ბილეთები ჯი"-ს წარმომადგენელმა "ნიუპოსტთან" თქვა, რომ ისინი ამ ყველაფერში "კორუფციის ნიშნებს ხედავან".
"ბილეთები.ჯი"-მ სკანდალურ ტენდერზე დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"უკვე რამდენიმე თვეა ვაწყდებით მდგომარეობას, როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბლოკავენ ყველა ჩვენს მოთხოვნას ჩატარდეს სახელმწიფო ექპერტიზა საბილეთო ტენდერში (#53739, etenders.ge) გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე (იგულისხმება ტენდერის პირობებთან შესაბამისობა), კერძოდ:
1. სამხარაულის ბიუროს ექსპერტს არ მიეცა ადგილზე მუშაობის საშუალება.
2. სამინისტროში გაგზავნილ ჩვენს მოთხოვნაზე მოეცათ დაშვება ექპერტიზის ჩატარებაზე, რაც პირველ რიგში უნდა იყოს უწყების ინტერესში რომ დამოუკიდებელმა ორგანომ დაადასტუროს ტენდერის პორობების შესრულება (...), გვითხრეს უარი იმ მიზეზით რომ კონტრაქტორია ამის წინააღმდეგი (!).
3. ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი საშუალებით წელავენ, არ იძლევიან ინფორმაციას და ჩანს იცავენ კერძო კომერციულ სუბიექტს, იმის მაგივრად რომ იცავდნენ სახელმწიფოს ინტერესს და იყვნენ ნეიტრალურნი.
ფაქტია, ტენდერით დათქმულ ვადაში სამუშაოები არ შესრულდა. ამ ეტაპზე გარეგნული დათვალიერებითაც კი ჩანს რომ დარღვეულია ტენდერის მრავალი პირობა. ის სისტემა რაც მუშაობს ღირს გაცილებით ნაკლები ვიდრე სახელმწიფო იხდის.
თვითონ ტენდერის ჩატარების ფორმა ბადებს სერიოზული კითხვებს:
1. რატომ ჩატარდა ტენდერი ე.წ. „კონვერტებით“ და არა ელექტრონული სახით?
2. რატომ არ იყო ტენდერში მომსახურების პროცენტის დაწევის საშუალება, როდესაც დამკვეთისვის ცნობილი იყო ჩვენი მზაობა გვემუშავა 50% ნაკლებ (!) ფასში და როგორც იკვეთება შეგვეთავაზებინა გაცილებით უკეთესი პროდუქტი?
ყველაფერი ეს გვიჩენს სერიოზული უსამართლობის განცდას. ჩვენ დაგვჭირდა 2 წლიანი მუშაობა რათა ჩვენი ძალებით შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი, რაც მოაწესრიგებდა დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების ნაკადს და მისცემდა დამსვენებლებს საშუალებას მარტივად შეეძინათ ბილეთები ადგილზე და ოლაინ. შედეგად კი გაიმარჯვა რუსეთის მოქალაქეების მიერ თვეების უკან დაფუძნებულმა კომპანიამ სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობებით.
სამწუხაროდ ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ გავასაჯაროვოთ აღნიშნული საქმე, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გავიდა ყველა შესაძლო ვადა როცა ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნებზე.
ასევე ვფიქრობთ რომ საჯარო დისკუსია გააჯანსაღებს გარემოს სახელმწიფო ტენდერების სფეროში, რაც ჩვენი დაკვირვებით უკვე რეალურად აფერხებს სახელმწიფოს წინსვლას.
ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს"- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის შპს გურუმ 2019 წლის მაისიდან, ოკაცეს, მარტვილის კანიონებზე, სათაფლიის ნაკრძალში, პრომეთეს, ნავენახევის მღვიმეებსა და კინჩხის ჩანჩქერზე მისასვლელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ფასიც გააძვირა - 15 პროცენტით.
რამდენიმე თვის წინ პრესა.ჯი წერდა, რომ ამ ბიზნესს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია ლობირებს.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ტენდერში გამარჯვებულად რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი კომპანია გურუ გამოაცხადა, ვიზიტორები და გიდები ფასების მომატებასა და კორუფციულ გარიგებაზე ალაპარაკდნენ.
"ახალი კომპანია ყიდის ბილეთებს. როგორც კი გამოჩნდა, პირველი რაც გააკეთა, ფასები გაზარდა. არც სერვისი, არც ხარისხი, პირდაპირ ფასები ანუ მოგება გაიზარდა", - აცხადებდა პრესა.ჯი-სთან წყალტუბოელი კერძო გიდი, რომელიც წლებია უკვე თავს უცხოელი ვიზიტორების დახმარებით ირჩენს.
მასალის გამოყენების პირობები






