იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას განაგრძობს.
დღეს საბჭოს წევრები ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და საბჭოს წინა შემადგენლობის წევრს ლევან თევზაძეს უსმენენ.
საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, ლევან თევზაძესა და საბჭოს მოქმედ წევრს, ირაკლი შენგელიას ნათესაური კავშირი აქვთ, რაც ინტერესთა კონფლიქტის საფუძველია.
თევზაძის შემდეგ საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა უპასუხებს. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თოდუამ წარსულში, საბჭოს წევრობის დროს, საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, მაშინ, როცა საცხოვრებლის ქირის თანხას საბჭოდან იღებდა.
უჩა თოდუა საბჭოს წინაშე დღეს წარსდგება.
ნაზი ჯანეზაშვილი ლევან თევზაძეს ე.წ. კლანთან დაახლოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თევზაძე ის მათთან შეთანხმებით მოქმედებს.
ჯანეზაშვილი ასევე ინტერესთა კონფლიქტზეც საუბრობს. მისი განმარტებით, თევზაძე საბჭოს ერთ-ერთი წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებაში მონაწილეობს.
„ლევან თევზაძე გახლავთ ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. ვნახოთ, მიიღებს თუ არა გასაუბრებაში მისი ფაქტობრივად ოჯახის წევრი მონაწილეობას და ახლო ნათესავების კონკურსებში მონაწილეობა, ერთის მხრივ, ერთია, რომ ზის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო მეორე არის კანდიდატი, არის ძალიან აშკარა, ცხადი და სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი. მე პირადად გამოვთქვი არაერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი, თუმცა არც ირაკლი შენგელიას ეს არ გაუთვალისწინებია და არც სხვა წევრს, რომელსაც ასევე ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და თქვენ გახსოვთ, რომ თამარ ონიანი ესწრებოდა თავისი მაზლის გასაუბრებას და მას არცერთი კითხვა მისთვის არ დაუსვამს, თუმცა არც აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ ერთგვარად კითხვასაც არ სვამენ და ამავდროულად, თან მონაწილეობენ გასაუბრებაში. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ეს რა სტანდარტია. თუ გასაუბრებაში მონაწილეობენ, მაშინ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა და დასვან შეკითხვები თავისი ახლო ნათესავების მიმართ,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
სხდომის ხელმძღვანელი, დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. გვრიტიშვილი ამბობს, რომ მან ორივე შემთხვევაში მოისმინა განმარტებები და სამართლებრივად არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ იკვეთება.
„თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვითაცილებას არ აცხადებს, მაშინ კანდიდატმა უნდა დააყენოს საბჭოს წინაშე შუამდგომლობა და საბჭო იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, მე მოვისმინე ბატონი ირაკლი შენგელიას განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით და მე იმ განმარტებას ვეთანხმები. საზოგადოებამ, თქვენც, ყველამ ვიხილეთ, რა ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა ნაზი ჯანეზაშვილმა ილონა თოდუაზე. ეს არის კანდიდატის გადასაწყვეტი, თუმცა გუშინ ჩვენ ასევე ვიხილეთ, პირდაპირ კანდიდატმა კანონის დარღვევაში ამხილა ნაზი ჯანეზაშვილი, როდესაც საკითხი შეეხო შეკითხვებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. გენპროკურორისთვის ანგარიშის მოთხოვნის უფლება მიმდინარე
სისხლის სამართლის საქმის მდგომარეობის შესახებ არავის აქვს და მათ შორის, არც საბჭოს წევრს,“ - განაცხადა გვრიტიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






