"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანა 20 ივნისის სიხლიანი ღამისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას.
"52 საკითხი, რომელსაც გავეცანი, ყველა ერთი მეორეზე უკეთესია. რასაც მე ვკითხულობ, დღეს, პირველად მინდა, ვთქვა ამ დარბაზში, რომ ყველა საკითხი, რომელიც წამოჭერით, არის თბილისელებზე ორიენტირებული. ამ ყველა საკითხს ეტყობა, რომ არის ნამუშევარი, ნაშრომი. ჩემო კოლეგებო, ერთი თქვენი თანაპარტიელიც არის, მან იცის ასე თქმა "მინდა, დავიწყო ბოდიშით". მეც მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეგვყავდა შეცდომაში, რომ თქვენ, მერიის თანამშრომლები კორუფციაში იყვნენ გასულები. რა სისულელეა, არანაირი კორუფცია ქვეყანაში არ არის. ასევე მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეტყუებინა ხალხი და მეთქვა, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, არადა უბრალოდ გამოაღებენ მაცივარს და ყველაფერი არის კარგად. არადა ხაბეიშვილი დგას და იტყუება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რაც კალაძე გახდა დედაქალაქის მერი, ქვეყანაში ხომ კარგის მეტი არაფერი ხდება. ამის შემდეგ არის სერიოზული აღმშენებლობა და ამის დანახვა როგორ არ შეიძლება. მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე აქ ნერვებს გიშლით, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ თბილისში არც ეკონომიური პრობლემები აღარ არის, არც სოციალური პრობლემა" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






