ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას და კომპანია ქიბარ ხალვაშს გაუფორმა, ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის გუნდი ჩქარობს რაც შეიძლება მალე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.
„ის რომ ხელისუფლებამ ასე ფორსირებულად შეასრულა ამ გადაფორმების პროცედურა, ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ "რუსთავი 2 -ს" ებრძოდა და დღესაც ებრძვის ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი იუსტიციის სამინისტრო ყველა თავისი შესაბამისი უწყებით. ახლა სახელმწიფო შევიდა ახალ სპირალში. სამართალდარღვევის პროცესის. შესაბამისად, "რუსთავი 2-ის" ყოფილმა მფლობელებმა უნდა დაიწყონ სამართლებრივი პროცედურები სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა ენმ-სწევრმა, სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ იჩქარა, როდესაც არ დაელოდა გასაჩივრების ვადებს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე, შეცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა.
„ხელისუფლებამ იჩქარა, ძალიან მალე საჯარო რეესტრმა ყველა პრობლემა მოუხსნა ქიბარ ხალვაშს და გადაუფორმა "რუსთავი 2". ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ საერთოდ არაფერ შუაში არ არის მესაკუთრეებს შორის დავა. ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ამისკენ ეჩქარება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჰგონია, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით ქვეყანაში სიღარიბეს აღმოფხვრის, ადამიანები იქნებიან უფრო უზრუნველყოფილები,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ცნობისტვის, დღეს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან მიიღო სტრასბურგის გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსია, სადაც ღიად არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევა მას შემდეგ და იმ შემთხვევში თუ19 ოქტომბრამდე მხარეები მას არ გაასაჩივრებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






