საუბარია მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ უკვე დამღლელია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი.
მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება დასაგმობია, პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
„ყველამ უნდა დავგმოთ ვიცე-პრემიერის ეს განცხადება. აქ უკვე აღარ არის საუბარი, რომ ის არის ქალი და მოლოდინი მისგან, როგორც ქალისგან, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გამოხატოს სხვა ადამიანის მიმართ, ქალის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დასაგმობი და პირველ რიგში, ეს ყველაფერი უნდა დაგმოს მმართველმა გუნდმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ვალდებულება არის მსგავსი შემთხვევების გამოძიება და როგორც ჩანს, ისინი ამას სერიოზულად არ უყურებენ, მათთვის დამღლელიც არის, რომ კონკრეტული ადამიანები სამართლიანობისთვის აღდგენას ითხოვენ,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
იურისტი ბატია პატარაია მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკა ბესელიას და ასევე საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.
„ძალიან გასაკვირია, რომ ქალი პოლიტიკოსი ამბობს ამას იმიტომ, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ქალ პოლიტიკოსებს ებრძვიან და არა კაცებს საქართველოში. მეორე მხრივ, ეს სრულიად გაუგებარია იმიტომ, რომ მათი პრობლემაა, რო, ეს გამოძიებული დღემდე არ არის. საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ან კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ხდება ხოლმე ასეთი კადრების გავრცელება, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ დგას ამის უკან, როგორც თვითონ ეკამაც აღნიშნა ეს ეჭვი, საკმაოდ საფუძვლიანია, ასეთ პირობებში იმის თქმა, რომ მობეზრდათ ეკა ბესელიას პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს პრობლემებია, სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადა იურისტმა, ბაია პატარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






