Agile Spirit 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.
წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.
მასალის გამოყენების პირობები






