“რუსთავი2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ის პიროვნება დაასახელეს, რომელიც რ2-ის საქმეზე მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ჩადგა და რომელზეც საუბარი იყო მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მათი თქმით, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს და სწორედ ის ჩაერია იმაშიც, თუ ვის უნდა დაბრუნებოდა „რუსთავი2“
„პასუხი მარტივია, ეს არის ადამიანი, რომელიც წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა თქვას, რომ მე რა შუაში ვარო, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით რომ ასეა.
ჩვენ ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რომ რაცაა გამოძიებული საქმე იმას დაესვას ბეჭედი, პროკურატურაში იძახიან რომ იქ ზემოთ როგორც გადაწყდება ისე იქნებაო, იქ ზემოთ სად არის კაცმა არ იცის.“- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
„ჩვენ არავის არაფერს არ ვთხოვთ, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია, ვინ დგას ამის უკან და ვინ აჩერებს ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე 2015 წელს გამოიძია, დაზარალებულადაც გვცნო, ერთადერთი ის იყო სათქმელი ვინ დაგვაზარალა და უცბად საქმე წყდება და თაროზე შემოდეს, 4 პროკურორი გამოიცვალა. ყველა ერთი პატერნით იქცევა და არანაირ სვლას არ აძლევს.“- განაცხადა დავით დვალმა.
დავით დვალის თქმით, მისთვის ერთგვარად კომპლიმენტიც კია, რომ ის და ჯარჯი აქიმიძე, ხელისუფლებისთვის ნაკლებად მისაღებები აღმოჩნდნენ, როგორც რუსთავი2-ის მფლობელები:
„რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რატომღაც, და ეს ცოტა კომპლიმენტიც არის ჩემთვის, რომ მე და ჯარჯი ნაკლებად მისაღები აღმოვჩნდით ხელისუფლებისთვის, როგორც რუსთავი2“-ის მფლობელები, უხეშად რომ ვთქვათ, არასანდოები.“- აღნიშნა დავით დვალმა ტვ პირველის ეთერში.
ტვ პირველის ეთერამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა დავით დვალმა რუსთავი2-ის ჟურნალისტთანაც
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2-თან". ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის,“ - განაცხადა დავით დვალმა.
დავით დვალის თქმით არსებული მოცემულობით სიტყვის თავისუფლებას პრობლემა ექმნება:
„რა თქმა უნდა, თუ გინდ დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე მგონია, რომ ის ფორმა როგორიც იყო რუსთავი2 სამწუხაროდ აღარ იქნება და ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის.“- აღნიშნა დვალმა.
რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას ხალვაშის პირობებში, დავით დვალი აცხადებს, რომ ამის არ სჯერა. მისი თქმით, ამის თქმის საშუალებას საერთო ფონი აძლევს:
„ზოგადი ფონი რომელიც ქვეყანაში ვითარდება, სახელმწიფო სტრუქტურებში, სასამართლოში, მგონია რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.“- განაცხადა დავიტ დვალმა.
მასალის გამოყენების პირობები






