„ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების მიუკერძოებლობას, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენს ამ წუხილს ადასტურებს საერთაშორისო ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაცოების პოზიციებიც.
გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას დიდი პალატის საბოლოო გადაწყეტილების გამოტანამდე არ დაეწყო აღსრულების პროცესი, ისე როგორც ხელისუფლებამ ეს გააკეთა ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ ტელევიზიის გადაფორმების და გენერალური დირექტორის ცვლილების პროცესი რამოდენიმე საათში დაჩქარებული წესით განახორციელა, რაც ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს სურს ეს ტელევიზია, რომელიც იყო თავისუფალი სიტყვისა და კრიტიკული აზრის გარანტი, აქციოს მის მიერ კონტროლირებულ კიდევ ერთ ტელევიზიად.
საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკას და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობას ადეკვატურად აფასებენ. შედეგად ქართული ოცნება შემდეგ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება. პოლიტიკური პარტიები გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ კამპანიას, რათა არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა პროდასავლურმა კოალიციამ ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას და გახდეს უფლებებისა და თავისუფლების გარანტი საქართველოში.“- ნათქვამია განცხადებაში.
საერთო მიმართვის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებებიც გააკეთეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, თავისუფალი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ოპოზიციის ხმას მნიშნელოვნად ასუსტებს. ვაშაძის თქმით, სასოწარკვეთის მიზეზი არ არსებობს, საპარლამენტო არჩევნებზე საკადრისი პასუხი გაეცემა ხელისუფლებას და ტელევიზია ისევ დაუბრუნდება ხალხს.„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, რუსთავი2 ამჟამად ოკუპირებულია, თუმცა ამ ტელევიზიას ამაზე რთული პერიოდები გამოუვლია.
„კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციას ეჭვი არ შეაქვს სტრასბურგის სასამრთლოს კომპეტენტურობაში. მისი თქმით, ევროპული სასამართლოებისთვის წარმოუდგენელია ის რომ ქართული მართლმსაჯულება „ქვის ხანაშია.“ ჩარკვიანის თქმით, სწორედ დღესაა გაერთიანებისა და ძალების კონსოლიდაციის დრო, რათა ქვეყანას ოლიგარქი ჩამოშორდეს და გათავისუფლდეს.
„რესპუბლიკელების“ ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ციფრულ ეპოქაში თავისუფალ მედიას ხელისუფლება ვერ შეებრძოლება. ხელისუფლების ეს მცდელობა რომ დახუროს რ2 ვერ უზრუნველყოფს იმას რომ დახუროს ქართველი ხალხის არჩევანი, "როცა ჭარბი ნდობა იქცა უნდობლობად მისი ყოველი ნაბიჯი იქნება მორიგი შეცდომა. არ გაუვა არავის ბრძოლა თავისუფლებასთან“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, რუსთავი2 ნამდვილად არაა კამერა, ლოგო და კომპიუტერები, „რუსთავი2 არის თავისუფალი სული, რომელიც მათშია. ჩვენ არ ვახდენთ სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიას, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ბრძოლის ხაზი ახლა რუსთავი2-ზე გადის. ივანიშვილი უშვებს იმ შეცდომებს, რომელსაც უშვებს ყველა აგონიაში მყოფი რეჟიმი. რუსთავი2- არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით და რა ფორმით აუცილებლად იმაუწყებლებს და გააცილებს ივანიშვილს სახლისკენ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






