ნიკა გვარამია, რომელიც საჯარო რეესტრმა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალიათი ჩაანაცვლა, დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც სასამართლომ რ2-ის მიმართ რაიმე დარღვევა არ დაადგინა, ნიკა გვარამია დამაბნეველს უწოდებს. მისი თქმით დამაბნეველია როგორც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე დასავლელი პარტნიორების თავშეკავებაც:
„რა მოხდება ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას. ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს, დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერჯერობით თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინც და მაინც კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება. მაგრამ სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, „გოსდუმის“ და პუტინის მოთხოვნითაც კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის.
ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო მოუსუფთავა. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, რომლებსაც შეუძლიათ პროცესებზე ზემოქმედება, ჯერჯერობით რაიმე შემაკავებელი ბარიერი დადგეს. იმედი მაქვს რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში გამარჯვებით დასრულდება და ეს ბარიერებიც დაიდგმევა. ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რ2-ის მდგომარეობა და ზოგადად მედიის და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






